"მხარს ვუჭერთ მკაცრი გადაწყვეტილებების უფრო გაღრმავებას" - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას" აფრთხილებს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს - ინტერვიუში, რომელიც ბაია ბრაჟემ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს მისცა, ის ამბობს, რომ ევროკავშირში მხარს უჭერენ "ოცნების" წინააღმდეგ "მკაცრი გადაწყვეტილებების უფრო გაღრმავებას".
ევროკავშირს არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა - აცხადებს ლატვიელი დიპლომატი, რომელმაც ამ განცხადებით "ოცნებასა" და ქართველ ხალხს შორის გამყოფი ხაზი გაავლო.
ბრაჟემ იოზვიაკთან ინტერვიში ისაუბრა დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებზე და მკაცრად გააკრიტიკა ის შემზღუდავი კანონები, რომელსაც "ოცნება" იღებს.
ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთვის სანქციის დაწესება, მიზანია დაჯილდოება ევროპული ინტეგრაციისთვის.
საქართველოს ჰქონდა ყველა პერსპექტივა, რაც ქართველ ხალხს სურს, რაც სავარაუდოდ ხელისუფლებასაც უნდა სურდეს, მაგრამ ქმედებები საწინაამდეგოს აჩვენებს. ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი
დემონსტრანტების დაკავებები ქუჩებში და კანონმდებლობის შეცვლა, რაც ზღუდავს საბაზისო უფლებებს და თავისუფლებას, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჯილდოს ნაცვლად, მიღებულია
საკმაოდ მკაფიო გადაწყვეტილებები, როგორც ევროკავშირში, ასევე ეროვნულ დონეზე. ეს ნაბიჯები არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინაამდეგ, ეს არის კონკრეტული ადამიანებისა და
ხელისუფლების მიმართ. უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ნაბიჯების უფრო გაღრმავებას. ეროვნულ დონეზე ჩვენ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღეთ და “პერსონა ნონგრატას” სიაში შევიყვანეთ ადამიანები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ლატვიაში ვერ შემოვლენ. იგივე სხვებმაც გააკეთეს, რაც მკაფიო სიგნალია.
დადგება თუ არა კითვის ნიშნის ქვეშ ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა - ეს კითხვა იოზვიაკმა ბრაჟეს დაუსვა, თუმცა ლატვიელ დიპლომატს ჟურნალისტის კითხვაზე ცალსახა პასუხი არ ჰქონდა.
ჩვენ უნდა გადავხედოთ ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტულ მუხლებს და ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ამ ქვეყნის ქცევა ამ მუხლებს. ეს არ არის წევრი ქვეყნების კომპეტენცია - ასეთი შეფასება ევროკომისიასა და მის შესაბამის სამსახურებს ეკუთვნით. როდესაც ისინი დადებენ მკაფიო შეფასებას, რომ რაღაც წინააღმდეგობაში მოდის ხელშეკრულებასთან, მაშინ წევრი სახელმწიფოები განიხილავენ გადაწყვეტილებების მიღებას - ან არა.
ამ თემაზე დახურულ კარს მიღმა მიმდინარე დისკუსიებზე ტელევიზიით ვერ ვისაუბრებ, ბოდიშით", - განაცხადა ბრაჟემ.