ჩხრეკა ბიზნესმენის სახლში - რატომ შევიდა კრიმინალური პოლიცია ზურაბ ჩხაიძესთან და რატომ დააკავეს მისი ვაჟი

05.07.25 20:42
ჩხრეკა ბიზნესმენის სახლში - რატომ შევიდა კრიმინალური პოლიცია ზურაბ ჩხაიძესთან და რატომ დააკავეს მისი ვაჟი

"შაბათის ეთერმა" KTW ჯგუფის დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისა და ბიზნესმენის ვაჟის, ნიკო ჩხაიძის დაკავების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ბიზნესმენი მამა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად, ირაკლი კობახიძეს ხვდებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო ჩხაიძეს 50 000 ლარიანი გირაო დააკისრა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ახალგაზრდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ავტომობილის ჩხრეკისას კი ბიჭს იარაღი აღმოუჩინეს. 

როგორც "შაბათის ეთერ" უყვებიან, ახალგაზრდა კაცის ჩხრეკას კრიმინალური პოლიცია ატარებდა, რომელიც მოგვიანებით, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძის საცხოვრებელ სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ამ ეტაპზე მელაძის გუნდისთვის უცნობია, ამოიღეს თუ არა ნივთმტკიცება ბიზნესმენის სახლიდან. 

რაც დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რის ის რომ ნიკო ჩხაიძე პატიმრობაში რჩება, რადგან მან გირაოს, 50 000 ლარის გადახდა, სამუშაო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყო. 

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მედიისთვის დახურულ პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

"შაბათის ეთერმა" ჩხაიძეების სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ კითხვები როგორც ბიზნესმენს, ისე მის მეუღლეს, ია მაქაცარიასაც დაუსვა, თუმცა მათ "ტვ პირველის" ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. 

ანონსის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი ზურაბ ჩხაიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მისი შვილი დაკავებულია. 

ჩხაიძე ირწმუნება, რომ მის შვილი შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში გადატანის გამოა დაკავებული.

ეს ყველაფერი არ არის, ნიკო ჩხაიძე, თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას  საქმე მოწმის სტატუსით არის გამოკითხული. 

საქმის მასალების თანახმად, სწორედ მან ჩაიყვანა მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ძმებ კაკულიებთან სომხეთში.