წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია: ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი!

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი! - ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
განცხადების მიხედვით, ემიჯნებიან ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში:
ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო დემოკრატიული და დასავლური მომავლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მივიჩნევთ, რომ გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია:
ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ.
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს!
იმ ფონზე, როდესაც ოცნების ცესკო სრულად აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, მართავს მათ, წერს საარჩევნო სიებს, დეტალურად აღრიცხავს ამომრჩეველს, აპარატებს იყენებს გაყალბების მაღალტექნოლოგიურ იარაღად და ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიმე ქალაქის ,,გამოგლეჯვაზე" საუბარი სასაცილოა.
ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთადერთი შედეგი იქნება უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება. პარალელურად, მოხდება ოპოზიციური ძალების სრული დემორალიზება და დამარცხება და ყველაფერ ამის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება!
დღეს აუცილებელია არჩევანი და ეს არჩევანი მარტივია:
მხარდაჭერა თავისუფლებას, ან კომფორტული მონაწილეობა ოკუპანტის თამაშში.
არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს ნაბიჯი მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია.
წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენ ბოლომდე ერთგული ვრჩებით ეროვნული ღირებულებების და დასავლური პრინციპების. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ რუსულ რეჟიმთან, მას არც საარჩევნო კომფორტს შევუქმნით და არც - ფსევდოლეგიტიმაციის ილუზიას"- წერია განცხადებაში.
დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
განცხადებიდან მალევე, საბა ბუაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ არჩვენებში მონაწილეობას უკავშირდება.
პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია დატოვა დეა მეტრეველმაც. ლელოს პოლიტიკური საბჭო დატოვა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელო დატოვა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა გიორგაძემ.