ნიკა მელიას საპარლამენტო უფლებამოსილება დღეს შეუწყდება
,,ქართული ოცნება" ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას სავარუდოდ კიდევ ერთხელ შეუწყვეტს. გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტში რამდენმე საათში უყრიან კენჭს.
საპროცედურო კომიტეტმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.
,,ოცნებაში" ამბობენ, რომ ვინაიდან მელიამ თავად მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, მას ამ თხოვნას დაუკმაყოფილებენ, თუკი ის დღის ბოლომდე საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის, განმარტებით, ნიკა მელიას განცხადება დაკმაყოფილდება და მას უფლებამოსილება შეუწყდება.
დღეს არის ბოლო ვადა, როცა ეს საკითხი უნდა განვიხილოთ. ეს არის წმინდა ფორმალური კენჭისყრა. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ თუკი უფლებემოსილების შეწყვეტის თაობაზე ვინმე განცხადებას შემოიტანს, მას აუცილებლად დავუკმაყოფილებთ.
მელიამ თავის დროზე სხვა დეპუტატებთან ერთად მოგვმართა აღნიშნული თხოვნით არჩევნებამდე, მაგრამ მაშინ თავი შევიკავეთ, რადგან ქვეყანა დაგვეცვა საბოტაჟისგან, თუმცა მას შემდეგ გავაკეთეთ ჩვენ განცხადება, რომ თუ იქნებოდა ინდივიდუალური თხოვნები, მას დავაკმაყოფილებდით. - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ნიკა მელია საკუთარ გადაწყვეტილებას არ იცვლის და საპარლამენტო მანდატის გაუქმებას ითხოვს, ,,ქართული ოცნება" რატომღაც ჩქარობს და მისი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას გეგმავს.