რეზო კიკნაძე "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს - სინდისის პატიმრის ზარი "პირველებთან"

რეზო კიკნაძე "ლელო - ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ამის შესახებ მან "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც ციხიდან დაუკავშირდა.
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით, კოალიცია ძლიერი საქათველო "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის მოპოვების შანსებს უზრდის.
ამასთან, სინდისის პატიმრისთვის გაუგებარია, რაზე ამყარებს იმედებს "ძლიერი საქართველო"
რეზო კიკნაძე ტვ პირვლთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ახლა ქართველ ხალხს რეალურად ხელში უჭირავს, დასავლეთის მხარდაჭერაა, რომელიც შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ შეასუსტოს.
გადიხარ არჩევნებზე, სადაც გასავლელად ბრძოლა საერთოდ არ გჭირდება. უბრალოდ, "გავდივარ და მორჩა". ბრძოლა სად არის მანდ? თან ჩვენ საქართველოს დაბრუნება გვინდა ანუ წავაგეთ საპარლამენტო არჩევნები. მარტო თბილისზე და ერთ ქალაქზე დავედით? თან იმასაც ან მოიგებ, ან - არა. თან "ლელო", რომელმაც 8% მიიღო საპარლამენტო არჩევნებში და მესამე ოპოზიციური პარტია იყო და ახლა კიდევ უფრო დააკლდებოდა ხმები ამ მოქმედებების შემდეგ, არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. თან ამით აძლევს სალაპარაკოს "ქართულ ოცნებას" : გამოვიდნენ, მიიღეს მონაწილეობა და წააგესო და მერე ვეღარც იმას იტყვი, რომ ნახე, ჩვენ მეტნი ვართ და ვუგებთ... ერთადერთი, რაც ახლა ხელში გვიჭირავს, არის ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა და ისიც გეტყვი, თუ შენს ქვეყანაში უსამართლობა ხდება, არ ეთანხმები და არალეგიტიმურია, მაშინ რაღაზე გადიოდი არჩევნებშიო, - ამბობს რეზო კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ მათ რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. კოალიციაში განმარტეს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ველზეა საჭირო.