კობახიძე ტრამპს დაემუქრა - სკანდალური წერილის შინაარსი ელჩმა გაასაჯაროვა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელიც ივლისში ტოვებს ქვეყანას, "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ელჩი ასაჯაროებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი არასაჯარო წერილის შინაარსს და პირდაპირ ამბობს, რომ დოკუმენტი მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო, რაც ვაშინგტონში „უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული“.
ინტერვიუში დანიგანი იხსენებს 2025 წლის მარტში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ შეხვედრას. მისი თქმით, შეხვედრისას მან გადასცა გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე და შესთავაზა კონკრეტული ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, სამი დღის შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლებამ პასუხად არა ქმედითი ნაბიჯები, არამედ სწორედ ეს არასაჯარო წერილი გააგზავნა.
ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად, — განაცხადა ელჩმა.
დანიგანის თქმით, ამ წერილის საპასუხოდ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ სთხოვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა, თუმცა ივანიშვილმა უარი განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, — აცხადებს ელჩი.
დასმულ კითხვაზე, რატომ უნდა გადაეცა გზავნილი ივანიშვილისთვის და არა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის, ელჩმა აღნიშნა:
„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისთვის მზად იყო:
პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით შევხვდები, თუმცა ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა. მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი უნდა გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა, - ამბობს დანიგანი.
ელჩი დანიგანი ხაზს უსვამს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების „სწორ გზაზე დაბრუნება არც ისე რთულია“, თუ „ანტიამერიკული რიტორიკა" დასრულდება.
ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. ხომ გესმით , აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე... შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა, - ამბობს ელჩი.