"რეჟიმი ყველას მიაკითხავს" - ხატია დეკანოიძე რამიშვილის დაკავებაზე

07.07.25 11:42
"რეჟიმი ყველას მიაკითხავს" - ხატია დეკანოიძე რამიშვილის დაკავებაზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება ფინანსური კაპიტალის ამოღებას და ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "რეჟიმი ყველას მიაკითხავს" და ეს რუსული გავლენების პირობებში გასაკვირი აღარ არის. 

ნაკლებად მჯერა, რომ აეროპორტში შეიძლება ამხელა კაპიტალის და ამხელა კერძო დაცვის მქონე ბიზნესმენი იარაღით გადაადგილდებოდეს. უბრალოდ, არ მჯერა, დაუჯერებელია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. კი, შესაძლებელია ფინანსური კაპიტალის ამოღებისთვის, ივანიშვილის ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ რეჟიმი ყველას მიაკითხავს და მივა ყველამდე. ეს ჩვეულებრივი რუსული მმართველობის სტილია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება, აღმოჩნდეს ამ უსამართლო რეჟიმის დევნის ობიექტი ისევე, როგორც თავის დროზე, ვთქვათ, მამუკა ხაზარაძე იყო. ისევე, როგორც თავის დროზე იყვნენ ტელეკომპანიების მფლობელები. არაფერი გამორიცხული არ არის და სანამ ამ ქვეყანაში არსებობს რუსული გავლენების და რუსული კლეპტოკრატია, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ძალიან სერიოზული საფრთხე, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სილქნეთის" მფლობელი გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია. 

გიორგი რამიშვილს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ. დღესვე ჩაინიშნება პროცესი, სადაც მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

 

მსგავსი სიახლეები