რიშის განცხადებით საზოგადოებამ დიპლომატიური დემარში იხილა - ოპოზიცია
დასავლელმა პარტნიორებმა ,,ოცნების" მისამართით უმწვავესი დიპლომატიური იერიში მიიტანეს - ოპოზიციაში თვლიან, რომ ამერიკელი სენატორის, ჯონ რიშის, განცხადება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გზავნილია, რაც მიიღო ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორისგან.
,,ფრაქცია ,,ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის, შეფასებით, დასავლეთი მწვავედ აკრიტიკებს ,,ქართულ ოცნებას" იმ ფაქტის გამო, რომ მმართველი პარტია ხელს უშლის ქართველ ხალხს, აღასრულოს გადაწყვეტილება, ხელისუფლება დემოკრატიული წესით შეცვალოს.
გზავნილი და შედარება 2012 წლს არჩევნებთან იმიტომ ხდება, რომ ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნათელი ხდება ,,ქართული ოცნების პოზიცია, რომელმაც გადაწყვიტა, მტკიცედ შეუშალოს ხელი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ შეცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით - ამბობს სალომე სამადაშვილი.
,,საზოგადოებამ რიშის განცხადებით იხილა დიპლომატიური დემარში" - მიიჩნევს დავით ბაქრაძე, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი.
როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოფიციალური განცხადებით ცდილობენ, დაგმონ ის, რასაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახური აკეთებს, ეს არის უკიდურესად საშიში საქართველოს ევროატლანტიკუტრი მომავლისთვის და უკიდურესად დამაზიანებელი ქართული დემოკრატიისთვის და ძალიან ცუდია, როცა ,,ოცნებამ" საკუთარი ქმედებებით ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა - აცხადებს დავით ბაქრაძე.
დასავლური სამყარო მოუწოდებს ,,ოცნებას", შეწყვიტოს დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, მათ შორის იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამეტი, თუმცა ამ გზავნილების მიუხედავად, მმართველი პარტია უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ საპასუხო იერიშს ახორციელებს.
,,დაუჯერებელი იმედგაცრუება" -ამერიკელმა სენატორმა, ჯონ რიშმა, დღეს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა, მოსყიდვის, შანტაჟისა და დაშინების ფაქტებს.