"რიჟვაძის გარემოცვის წევრი არ ვარ" - აჭარის მთავრობაში ყოფილ თანაგუნდელს ემიჯნებიან
რა ხდება თორნიკე რიჟვაძის თავს და რამ აიძულა თვითმვკლელობა? - შეკითხვები დღეს "პირველებმა" აჭარაში "ოცნების" წევრებს დაუსვა, თუმცა მმართველი პარტიის ადგლობრივი ლიდერები კამერებს ემალებიან. მათი ნაწილი კაბინეტებში გამოიკეტა.
ერთადერთი, ვინც "პირველებთან" მოკლე კომენტარი გააკეთა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი და დღევანდელი განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი იყო. ადამიანი, რომელსაც სოციალურ ქსელში რიჟვაძის მხარდამჭერი პოსტი არაერთხელ გამოუქვეყნებია, დღეს მხოლოდ იმას ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს ჯანმრთელობას უსურვებს. ამასთან, ის უარყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძის გარემოცვის წევრი იყო.
არადა, მედიაში იძებნება ლადო მგალობლიშვილის განცხადება, სადაც აჭარის მთავრობის მაშინდელ თავმჯდომარეს აქებს და მას ეროვნულ ლიდერს უწოდებს.
არ ვარ მე თორნიკე რიჟვაძის გარემოცვის არანაირი წევრი. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას ბატონ თორნიკეს, - ამბობს მგალობლიშვილი.
ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში საფრთხე არა მარტო იმ ადამიანებს ემუქრება, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, არამედ მათაც, ვინც "ოცნებას" "საფლავში ბოლომდე ჩაჰყვა".
"ქართული ოცნების" ამომრჩევლებს და რეჟიმის გამძლიერებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, მარტო განსხვავებული აზრი კი აღარ იდევნება ამ ქვეყანაში, არამედ ის ადამიანებიც იდევნებიან, იმ ადამიანებსაც ემუქრება საფრთხე, ვინც "ქართულ ოცნებას" ბოლომდე ჩაყვა საფლავში. თორნიკე რიჟვაძე ვინ იყო? ვიცით ჩვენ, წარსულში კორუფციაზე ხშირად გვქონია დავა და რაღაც ფაქტებით გვისაუბრია, სხვადასხვა საქმეებე ხშირად გვქონია დავა და საბოლოო ჯამში, ის იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აჭარაში და დრეს აქამდე მივიდა. ყველასთან მივა ბიძინა ივანიშვილი თუ არ გამოვფხიზლდებით, თუ არ მივმართავთ ცვლილებებს და თითოეული ადამიანი თუ არ ჩაერთვება ამ ცვლილელების, თუ არ მიიღებს მონაწილეობას, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ლევან გორგილაძე.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის კუთვნილი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. ამჟამად ის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.