OSCE/ODIHR: ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სულ უფრო მეტად შემზღუდავი კანონმდებლობა, მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები სულ უფრო შემაშფოთებელია.
ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებისა და გასამართლების შემთხვევებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია," - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.
ამასთან, ეუთო/ოდირი ბოლო თვეებში, ათობით მომიტინგის დაკავებასა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
ODIHR-ი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან. ODIHR-ი კვლავ მზადაა გააგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს დროულად გააგზავნოს მოწვევა.
ODIHR-ი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ყველასთვის ადამიანის უფლებების გაძლიერებას," - აღნიშნა მარია ტელალიანმა.