არსებული ინფორმაციით, "ხარებას" 70-მდე თანამშრომელი გაჰყვა - შაიშმელაშვილი დაკავებების სერიასაც არ გამორიცხავს
გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი „პირველებთან“ საუბარში გდდ-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ზვიად ხარაზიშვილის წასვლის შემდეგ დეპარტამენტი დაახლოებით 70-მა თანამშრომელმა დატოვა.
შაიშმელაშვილის თქმით, ეს ადამიანები მხოლოდ ხარაზიშვილისადმი იყვნენ ლოიალურები და მისი წასვლის შემდეგ სისტემაში დარჩენაზე უარი თქვეს. მისი შეფასებით, ეს უნდა გახდეს გაფრთხილება მათთვის, ვინც დღეს უკანონო ბრძანებებს ასრულებს.
ამასთან, შაიშმელაშვილი არ გამორიცხხავს, რომ დაკავების ობიექტები გახდნენ ის ადამიანებიც, ვინც გდდ-დან უკვე წავიდნენ. ყოფილი მაღალჩინოსანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაც ახლა ხდება, მხოლოდ "ჟურნალია" და დაკავებების სერიები ჯერ მხოლოდ იწყება.
თანამდებობა დატოვა ყველა როგორც მთავარი სამმართველოს უფროსმა, აგრეთვე ცალკეული სამმართველოების უფროსებმა, მთავარ სამმართველოში შემავალმა სამმართველოს უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა და ცალკეულმა, შესაძლოა, ეს იყვნენ განყოფილების უფროსები უფროსი ინსპექტრები და ინსპექტორები. ეს ადამიანები, როგორც კი წავიდა ხარაზიშვილი, ყველამ უკლებლივ დაწერა განცხადება, ზოგს უკვე დაწერილი ჰქონდა. ეს იყვნენ კატეგორია ადამიანების, რომლებიც მოიყვანა ხარაზიშვილმა როდესაც დაინიშნა დეპარტამენტის დირექტორად. და არა მარტო გდდ-ში მოიყვანა ეს ადამიანები, სადაც დადიოდა ხარაზიშვილი, ყველგან დაჰყავდა ეს ხალხი. შესაბამისად, ამ ხალხს აქვს ასეთი რწმენა, რომ ჩვენ ხარაზიშვილის გარდა არავისთან ვიმსახურებთ და არავის ბრძანებებს შევასრულებთ. ჟურნალის პირველი ყდაა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ: რამიშვილის დაკავება, ჩხაიძისი ბიჭის დაკავება და ა.შ. დანარჩენი სერიები წინ გველოდება, სამწუხაროდ. ვინც არიან სისტემაში და ამ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, მათთვის უნდა იყოს ძალიან კარგი მაგალითი ხარაზიშვილის ეს გაშვება თავის დაჯგუფებასთან ერთად, - ამბობს შაიშმელაშვილი "პირველებთან" საუბრისას.
კითხვაზე პასუხის მისაღებად, თუ რატომ დატოვეს გდდ თანამშრომლებმა დეპარტამენტი, "პირველები" გდდ-ს ბაზაზე მივიდა, თუმცა იქ მედიას ყველა კარი ჩაუკეტეს.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დიდი საკადრო ცვლილებებია. რამდენიმე დღის წინ პოსტიდან გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი.
"ხარებას" ნაცვლად გდდ-ს დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.
ასევე ცნობილია, რომ გდდ-ს დეპარტამენტი დატოვეს სამმართველოს სხვა ხელმძღვანელებმა და მათმა მოადგილეებმა. მათ შორის, საუბარია იოსებ მარგველაშვილსა და მირზა კეზევაძეზე.