სარჩელი გიგაურის წინააღმდეგ - შალვა თადუმაძე მის დიპლომზე საჯარო საუბრის აკრძალვას ითხოვს

05.10.21 16:33
სარჩელი გიგაურის წინააღმდეგ - შალვა თადუმაძე მის დიპლომზე  საჯარო საუბრის აკრძალვას ითხოვს

შალვა თადუმაძე მის სკანდალურ დიპლომზე საჯარო საუბრის აკრძალვას ითხოვს - საჩივარი მან სასამართლოში უკვე შეიტანა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ისევ ვერ ამტკიცებს, როგორ დაამთავრა სკოლა ვადაზე ადრე და როგორ გახდა ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სკოლის დამთავრებამდე 1 წლით ადრე.

ყველას, ვისაც მის ყალბ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აქვს, თადუმაძე მისივე კლანის გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლოთი გაჩუმებას უპირებს.

ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ცილისწამებისთვის უჩივის.

თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის შეფასებებს მიიჩნევს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო უწყებებიდან მიღებული არაერთი დოკუმენტი შეისწავლა (bit.ly/33gf41I), რამაც კონკრეტული კითხვები გააჩინა.

თადუმაძე დამატებით ითხოვს, მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე ნებისმიერი ფორმით საჯაროდ საუბარი აეკრძალოს.

რა პრობლემები აქვს დიპლომს:

"მასში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;

 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა, ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;

 საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს.

შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა ასევე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) (bit.ly/3laAJnB), სახალხო დამცველს (bit.ly/3uKd2pw) და კოალიციას ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" (bit.ly/3BozRBi), რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ გვაქვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები