ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები გადაამოწმეთ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე - ხაბეიშვილი კობახიძეს მიმართავს

09.07.25 14:40
ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები გადაამოწმეთ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე - ხაბეიშვილი კობახიძეს მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, ნარკორეიდები საჯარო მოხელეებით დაიწყოს და მათ შორის კახი კალაძე, მამუკა მდინარაძე და შსს-ს ხელმძღვანელები შეამოწმოს. მისი თქმით, რეალურად, სწორედ მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი არიან ნარკოტიკების შემოტანისა და გავრცელების მფარველები, ხოლო ახალგაზრდების დევნა მხოლოდ შიშისა და ძალაუფლების შენარჩუნების იარაღია. 

ბავშვებს, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, ნარკოლოგიურში წაიყვანეთ, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, გადაამოწმე კახი კალაძე, ანრი ოხანაშვილი, გეკა თუ ვინც არის შს მინისტრი, ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები გადაამოწმეთ ნარკოტიკული ნივთიერებაზე, აბა, ნახეთ, ხომ არ ამოუგდებს შემთხვევით ვინმეს. კალაძე, მისი სტრუქტურა შეამოწმეთ და მოხმარებაში კი არა, მკვლელი ნარკოტიკის გასაღებაშიც ხომ არ იღებს ვინმე მონაწილეობას. აქტივისტებს რომ დასდევთ, სახლში უვარდებით, ე.წ მთავრობის წევრებისგან დაიწყეთ შემოწმება, მამუკა მდინარაძე გადაამოწმეთ, ხომ არ ამოუგდებს. 

ყველას კარგად ესმის, რომ თქვენ ხართ მთავარი ნარკოტიკის ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა, ივანიშვილის გარეშე ნარკოტიკი როგორ შემოდის, როგორ საღდება და მართლა გგონიათ, რომ სულელები ვართ და გვგონია, რომ ციდან ცვივა ნარკოტიკები? თან მკვლელ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, იმაზე არა ახლა რომ ადამიანებს მოშარდვას აძალებთ და დასდევთ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაამოწმეთ თქვენი კოლეგები, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 

გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.

"ოცნების" მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შსს-მ წინდაწინ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ გელაძის უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები