„თუ პოლიტიკური ცვლილება არ მოხდა, ქვეყანას უვიზო რეჟიმის დაკარგვაც ემუქრება“ - სამადაშვილი

09.07.25 17:53
„თუ პოლიტიკური ცვლილება არ მოხდა, ქვეყანას უვიზო რეჟიმის დაკარგვაც ემუქრება“ - სამადაშვილი

 

 

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ 15 ივლისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს წინ, ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად აღიარება, სანქციების მოწოდება და ქართველი ხალხის ღიად მხარდაჭერა პოლიტიკური მნიშვნელობით გამორჩეული გზავნილია.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში არ მოხდება პოლიტიკური ცვლილება და არ დაინიშნება ახალი არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არამხოლოდ გაიყინება, არამედ საფრთხე შეექმნება ისეთ მონაპოვარსაც კი, როგორიც უვიზო მიმოსვლაა. 

15 ივლისს იგეგმება ევროპული საბჭოს მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და ამ უმნიშვნელოვანესი ისტრორიული მსჯელობის წინ ევროპარლამენტის მიერ ძალია ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობის, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობის და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერის თაობაზე, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე, ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ ჩვენ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, - ამბობს სამადაშვილი.

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.

დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ რეპრესიებში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში ამხელს.

ანგარიშში მოხვდა მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა.

ამასთან, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ.

 ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარდა, რეზოლუცია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

 

მსგავსი სიახლეები