სანქციები ივანიშვილს და მისი მთავრობის მოქმედ და ყოფილ პირველ პირებს - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო

09.07.25 20:14
სანქციები ივანიშვილს და მისი მთავრობის მოქმედ და ყოფილ პირველ პირებს - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო

ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნით, დღეს, 490 ევროპარლამენტარი გამოვიდა. ხმათა ისტორიული უმრავლესობით სტრასბურგში დამტკიცდა ანგარიში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის, მისი ოჯახის წევრების, ივანიშვილის პრემიერის, მინისტრების, რეჟიმის მსახური მოსამართლეებისა და რეპრესიების ხელშემწყობი მაღალჩინოსნების დასანქცირებას მოითხოვს. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ პოლიტიკური განცხადებების დრო დასრულდა, ახლა მოქმედების დროა. ერთადერთი გამოსავალი კი სანქციებია. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით ევროპელმა პოლიტიკოსებმა  გაერთიანებულ სამეფოსაც მიმართეს.

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის კენჭისყრას წინ უძღოდა უმწვავესი დებატები, სადაც ევროდეპუტატებმა ივანიშვილის პრორუსული მართვის სტილი სააშკარაოზე გამოიტანეს. "ოცნების" რეჟიმი, პრორუსული ხელისუფლება, რეპრესიული რეჟიმი, პუტინის და ლუკაშენკოს მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმი - ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ დეპუტატები ივანიშვილის გუნდს. მოითხოვეს იმ მოსამართლეების დასანქცირებაც, ვინც ევროკაშირის მომხრე ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, მორჩილი მოსამართლების ხელით ციხეში უშვებს.

ევროპარლამენტარების მოთხოვნას დარბაზში ევროკომისარიც ისმენდა. მარტა კოსმა დებატების დროს, პირდაპირ თქვა, რომ სანქციები განხილვის მთავარი თემა იქნება, ბრიუსელში დაგეგმილ, მინისტრების შეკრებაზე.  ევროკომისარმა ივანიშვილის გუნდი პირდაპირ რეჟიმად მოიხსენია , რომელიც რეპრესიებს უწყობს ევროკაშირის მხარდამჭერებს. ამიტომ, ბრიუსელი ყველა საპასუხო ზომას განიხილავს, მათ შორის არის სანქციები და ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.

ევროკომისია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების რეჟიმმა დემოკრატიის საფუძვლები შეარყია და  რეპრესიული კანონებით უპირისპირდებიან რეჟიმის მოწინააღმდეგეებს.  დეპუტატებმა ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ახალ საპარლამენტო არჩევნები დაასახელეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები