ვინ როგორ გაიგო სალომე ზურაბიშვილის გზავნილები არჩევნების შესახებ - პირველი შეფასებები
ვინ როგორ გაიგო სალომე ზურაბიშვილის გზავნილი თვითმმართველობის არჩევენების შესახებ? - პოლიტიკოსები პირველ შეფასებებს "პირველებთან" აკეთებენ.
- საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს უთხრა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის თქმით, არც ბოიკოტის კამოპანიაა გამოსავალი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად.
- სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების ფორმულა ასე გამოიყურება: ოპოზიციური პლატფორმის გაძლიერება, პროტესტის გაფართოება და ნაკლები დაპირსიპირება ერთმანეთში.
პოლიტიკოსების ის ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩებნებში ოპოზიციის მონაწილეობაა შეცდომაა, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთი არგუმენტია ბოიკოტისთვის.
მათი განცხადებით ზურაბიშვილის მიმართვამ და ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ფარსია და მასში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს.
პარტია "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, აღნიშნულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ აქვს და ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება, სანამ "ქართული ოცნება" გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს.
საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს. ეს მითი, რომ ჩვენ ევროპელი და სხვა პარტნიორები მოგვთხოვდნენ იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო არ არსებობს, მითად დარჩა, ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის იმიტომ, რომ ბრიუსელიდანაც, პარიზიდანაც, ლონდონიდანა, ბერლინიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება, სანამ "ქართული ოცნება" იქნება და სანამ "ქართული ოცნება" გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ისინი აკეთებენ," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის სალომე ზურაბიშვილს, რომ "რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არ მიღებას იურიდიულ და პოლიტიკურ ენაზე ბოიკოტი ჰქვია".
რა თქმა უნდა მივესალმებით იმ ნაწილს, რომ იგი ფარსს უწოდებს სწორედ რუსულ სპეცოპერაციას და ეს ასეა. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენთვის გაუგებარია რატომ არ ესმის მას, რომ როდესაც ლაპარაკია ფარსზე, როდესაც ლაპარაკია რუსულ სპეცოპერაციაზე მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღო. იურიდიული და პოლიტიკური ენით ამას ბოიკოტი ჰქვია, არაძალადობრივი, მშვიდობიანი წინააღმდეგობა მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ რეჟიმთან," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მკაფიო იყო და მისი პოზიცია მისასალმებელია.
საქართველოში არჩევნები არ ტარდება. ეს არის ფარსი და რუსული სპეცოპერაცია ამიტომ ამ ფარსში და სპეცოპერაციაში მონაწილეობის აზრს არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ ვერც 8 პროდასავლური პოლიტიკური პარტია და ასევე ვერც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვერ ხედავენ.
სალომე ზურაბიშვილი იყო მკაფიო. მისასალმებელია ეს პოზიცია," - აღნიშნა თენგო თევზაძემ.
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის გეგმამ ოპოზიცია უნდა დააფიქროს, რადგან საჭიროა, რომ პოლიტიკური პროცესი უფრო რაციონალურ, უფრო კოორდინირებულ და უფრო შეთანხმებულ მოქმედებებზე გადაეწყოს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის გეგმამ უნდა დააფიქროს ოპოზიცია იმიტომ, რომ საჭიროა ახლა გადაეწყოს პოლიტიკური პროცესი უფრო რაციონალურ, უფრო კოორდინირებულ და უფრო შეთანხმებულ მოქმედებებზე. ეს გულისხმობს პლატფორმის გაფართოებას, ეს გულისხმობს საერთო შეხების და გადაწყვეტილებების მიღების კარგ კოორდინაციასთან და ეს გულისხმობს, მათ შორის, ცვლილებების შემდგომ მომავალი მთავრობის ირგვლივ მეტ სიცხადესთან. ამიტომ არის ახლა საჭირო ამ გეგმით სვლა და იმ ენერგიის და იმ შესაძლებლობების მიმართვა მომავლისკენ და არა დაპირისპირებისკენ, რომელიც დაასუსტებს ახლა ამ ბრძოლას," - განაცხადა ბესელიამ.
"გახარია - საქართველოსთვის" პარტიის წევრმა სოფო ხორგუანმა კი განაცხადა, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას იღებენ მოცემულობად, თუმცა მათ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილებაზე ვერაფერი იქონიებს გავლენას.
ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს ვერაფერი, თუნდაც ის რასაც ჩვენი კოლეგები ამაზე ფიქრობენ. ეს გააზრებული გადაწყვეტილება აქვს ჩვენ პარტიას მიღებული, ნაფიქრი. რა თქმა უნდა, ვიცით რისკები, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში არჩევნებში შედიხარ და ჩვენ ეს რისკები ფიზიკურად გვაქვს საკუთარ თავზე გადატანილი, წინა არჩევნებზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს.
რაც შეეხება ბოიკოტს და ბოიკოტისტებს, მათ პოზიციას, ძალიან საინტერესო იქნებოდა მაგალითად თუ ბოიკოტისტები საკუთარ ამომრჩევლებს ეტყოდნენ მიდით არჩევნებზე და გადახაზეთ ყველა, გააფუჭეთ ბიულეტინი, არ მისცეთ ავტოკრატულ რეჟიმს შესაძლებლობა მოიპაროს და შენი ხმა საკუთარ ხმად გაასაღოს.
ბოიკოტისტი, რომელიც ამბობს რომ თუ არ მიდიხარ არჩევნებზე ხალხს მოუწოდო, რომ არჩევნებზე არ წახვიდეთ ვეთანხმები, რომ ეს არის მავნებლობა და დანაშაული.[ზურაბიშვილის პოზიციას] ვიღებთ მოცემულობად. ეს არის მისი გადაწყვეტილება. მან თქვა, რომ არც ბოიკოტი, არც არჩევნები რაღაც სხვა. როცა უფრო მეტად გამოჩნდება რა არის "სხვა" შეიძლება უფრო მკაფიო იყოს ჩვენი პოზიცია," - განაცხადა მან.
ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გაძლიერდეს და ამ პლატფორმამ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.