კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთას" ასრულებდა
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა, "მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა და რომ მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა პოლიცია".
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა ამ მცდელობაზე მიიღო პასუხი, რომელიც "უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში".
ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. ამ კუთხით მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ოცმების" მთავრობის მეთაურმა მსგავსი განცხადება „რუსთავი 2″-ის ეთერში 16 აპრილსაც გააკეთა.
ამის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე სახელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.