FTM: ანტიდასავლური TV იმედის მფლობელ რუხაძეს Imedi TV და კიდევ 3 ბიზნესი ევროპაში აქვს დარეგისტრირებული
ანტიდასავლური TV იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძეს Imedi TV და კიდევ 3 ბიზნესი ევროპაში აქვს დარეგისტრირებული - ამის შესახებ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა "Follow The Money" ახალ საგამოძიებო სტატიაში წერს.
- FTM წერს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ქართველ-ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ღიად აკრიტიკებს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ, ბიზნესსაქმიანობას ნიდერლანდებში ეწევა.
სტატიაში რუხაძის მფლობელობაში არსებული Imedi TV მტკიცედ ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელ მედიად არის დახასიათებული, რომელიც "პროსამთავრობო" მედიასაშუალებად მიიჩნევა.
სტატიის მიხედვით, FTM-მა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ საქართველოსა და ნიდერლანდებში იმ კომპანიების წლიური ფინანსური ანგარიშები გაანალიზეს, რომლებსაც რუხაძე ფლობს და აღმოაჩინეს, რომ ექვსიდან ოთხი მათგანი ამსტერდამშია რეგისტრირებული. ეს კომპანიებია Media Finance Group, რომელიც Imedi TV-ს ფლობს, და მშობელი კომპანიები: Liberty Bank, Rustavi Steel და Hunnewell Cement.
ამას გარდა, გამოძიებით დადგინდა, რომ რუხაძის ოთხივე კომპანიას ფინანსური მომსახურებით JTC უზრუნველყოფს, რომლის სათავო ოფისიც გაერთიანებული სამეფოს ჯერზის კუნძულზე მდებარეობს.
- ამასთან, სტატიაში წერია, რომ 2017 და 2023 წლებში გამოქვეყნებული პრესრელიზების მიხედვით, Hunnewell Cement-ის მშობელი კომპანია, CaucasusCement Holding B.V. ნაწილობრივ ივანიშვილის მიერ დაარსებულმა კერძო კაპიტალის ფონდმა შეისყიდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ნიდერლანდების მხრიდან რუხაძისა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მოწოდებები გაიზარდა, თუმცა, სტატიის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიდერლანდები მათ დასანქცირებას გადაწყვეტს. FTM-ის კითხვებზე პასუხად ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა პარლამენტისადმი მიწერილ წერილში, რომელშიც მინისტრი კასპარ ველდკამპმა განიხილა საგადასახადო სტრუქტურა, რომლის ქვეშაც Imedi TV ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული.
"მთავრობა არასასურველად მიიჩნევს, რომ ნიდერლანდურმა სტრუქტურებმა ისეთი უცხოოური ახალი ამბების არხები დააფინანსონ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მანამ, სანამ ისინი კანონებსა და რეგულაციებს ემორჩილებიან, მათი მოქმედებები არ არის დასჯადი." - წერდა ველდკამპი მარტში.
ამასთანავე, FTM-ს სანქციების საკითხებში ექსპერტმა, მაუდ ბიოკერინკმა განუცხადა, რომ Imedi TV-ის ქმედებები დასჯადი რომც იყოს, ნიდერლანდებში რუხაძის მსგავსი პოლიტიკური სამიზნეების ცალმხრივად დასანქცირების ჩვეულება არ არსებობს.