"ოცნება" ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები კამერების წინ, აცხადებენ, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
მათი განცხადებით, ოპოზიციას არავინ ეკითხება და არჩევნები მაინც ჩატარდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანება - არ გაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, "ნებისმიერ სცენარში "ქართული ოცნება" მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში".
"ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტი არ არის არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება, ბუნებრივია, დაცული. ნუ, რაც შეეხება, მათ გაერთიანება - არ გაერთიანებას არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა. გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან, ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი. ჩვენ ამაზე მარჩიელობით ვერ შევიწუხებთ თავს.
ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ნებისმიერ სცენარში "ქართული ოცნება" მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს.
სასოწარკვეთილებაში არის როგორც ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, ასევე იგივე ეხება მათ პატრონებს. ამის გამოხატულებაა ეს უსუსური განცხადებები რაც კეთდება იგივე არჩევნებთან დაკავშირებით - "არ დავუშვებთ არჩევნებს" - მათ ვინ ეკითხება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია როგორ ჩატარდება არჩევნები," - განაცხადა კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილმა განცხადების დიდი ნაწილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის კრიტიკას დაუთმო და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები "სასაცილოა".
ამასთან, მისი თქმით, არჩევნების საბოტაჟი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა და ყველა, ვინც ცდილობს რომ საბოტაჟი წაახალისოს, ან საბოტაჟი მოაწყოს არღვევს საერთაშორისო სამართალს.
სალომე ზურაბიშვილი ნურც გაფრინდება და ნურც მოფრინდება. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მეშვიდე წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაცა კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის სტანდარტი. ცალკე ეტყობა, შეაკერინა და დადის ამ დროშით და გაიძახის ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა, სინამდვილეში ამაზე ხომ უნდა ვიცინოთ. ეს ყველაფერი როცა ჩაივლის მერე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენ ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხესიმაგრეში, თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი.
მინდა ყველას, შიგნითაც და გარეთაც ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ყველა ის, ვინც ცდილობს რომ საბოტაჟი წაახალისოს, ან საბოტაჟი მოაწყოს არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია. თუკი რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს დააზიანებს. დემოკრატიისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ადამიანი თუ თავად არ მონაწილეობს ძალით მონაწილეობას ვერავინ მიაღებინებს," - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გაძლიერდეს და ამ პლატფორმამ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.