2 მილიარდ ლარზეა საუბარი, რომელიც კალაძემ ივანიშვილთან უნდა მიიტანოს... დასაჭერად აქვს საქმე - ხაბეიშვილი
"კალაძეს ივანიშვილთან 2 მილიარდი ლარი აქვს მისატანი, (80 მილიონი დოლარი)" - სკანდალურ განცხადებას "პირველებთან" "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.
ხაბეიშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეტალურად აქვს გაგებული კალაძის "შავი ბუღალტერიის" და "გატანილი ფულის ამბავი".
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით სწორედ ამ ფულის დასათვლელად ახლა მერიაში, გიორგი ტყემალაძეა (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლანდელი ვიცე მერი) მივლენილი.
"დასაჭერად აქვს საქმე... კალაძეს მიმართ არის გზავნილი, რომ თუ არ მიიტანა 80 მილიონი დოლარი, ან მიქაუტაძის გზას დაადგები, ან აქით რიჟვაძის გზას, რომელიც გადის ან სიკვდილზე, ან ციხეზე" - ამბობს ხაბეიშვილი.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, კალაძის "გადარჩენას" ირაკლი კობახიძე ცდილობს.
ლევან ხაბეიშვილი ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს მიმართავს და ღიად საუბრისკენ ურჩევს:
ბიძინა ივანიშვილის გზავნილია - ან მოგკლავთ, ან დაგიჭერთ, ფული მოიტანეთ-რა! ეს კაცი არის აბსოლუტური შლეგი, არაადეკვატური და უნდა ესმოდეს კალაძეს, ღარიბაშვილსაც, ლილუაშვილსაც -"დამოკლეს მახვილია" თქვენს თავზე, ამოიღეთ ხმა, თორემ დაგხოცავთ ბიძინა ივანიშვილი.
800 მილიონ დოლარზეა საუბარი, ჩემი ინფორმაციით, 2 მილიარდ ლარამდე თანხაზე, რომელიც პირველ ეტაპზე კალაძემ უნდა მიიტანოს ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ მისი შავი ბუღალტერიის ნაწილი უკვე დასრულებულია, ნახეს რამდენი აქვს პირობითად გატანილი ჩუმად სამშენებლო ბიზნესებიდან, სხვადასხვა "ქოლ-ცენტრებიდან". კალაძესაც დასაჭერად აქვს საქმე, მის მიმართაც არის გზავნილი - ძმა, ფულს მოიტან და თუ არ მოიტან 800 მილიონ დოლარს, ან მიქაუტაძის გზას დაადგები, ან აქით რიჟვაძის გზას, რომელიც გადის ან სიკვდილზე, ან ციხეზე, ან იარაღზე, ამიტომ, კალაძეს ძალიან მძიმე რეალობა უდგას და მე ეჭვი მაქვს - კახი, ჩვენი დასაცავი გახდები.
კალაძე ვერ წყვეტს ვერაფერს, ახლა რომ მიხვიდეთ რაიმე სამშენებლო თემაზე, კალაძე გეტყვით, მე არაფერ შუაში არ ვარ, დამანებეთ თავი... კობახიძე იცავს ახლა კალაძეს, გადაფარებულია პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას კარზე და კალაძე გარიდებულია, დღეს ამბობს, მე არაფერ შუაში ვარ, აქ არის ტყემალაძე და მოდით, მას დაელაპარაკეთ. ტყემალაძის ფუნქციაა, რომ მას მერიის შავი ბუღალტერიაც ესმის, კოეფიციენტებცი ესმის, გრგ-ეც ესმის, მის ხელშია ყველა გადაწყვეტილება გავლილი, მან იცი, როდის რამდენი დაამატებინეს და დააკლეს და კარგად ბუღალტრულად, დოლარებში და ლარებში დაუთვლის, რამდენი აქვს სავარაუდოდ, კალაძეს წაღებული", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მოსალოდნელ დაკავებების სერიაზე დღეს "პირველებმა" თბილისის მერს კითხა. კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ბინძური კამპანია" და "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა" უწოდა.
დღეს კალაძეს გადაჭრით არ უთქვამს, იქნება თუ არა ის თვითმმართველობის არჩევნებზე "ოცნების" მერობის კანდიდატი.
მოსალოდნელ დაკავებების სერიაზე "ქართული ოცნების" ოპონენტები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.