ვინ როგორ წაიკითხა სალომე ზურაბიშვილის გზავნილი თვითმმართველობის არჩევნებზე
პოლიტიკური მოცემულობა უცვლელია - ბოიკოტის მომხრეები ბოიკოტში რჩებიან, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიები კი ბრძოლისთვის ემზადებიან. სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან წერს, რომ პარტიის გეგმა უცვლელია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ პარტია ადგილობრივ არჩევნებს ლეგიტიმურ პროცესად არ აღიქვამს, თუმცა მასში მონაწილეობა ბრძოლის გაძლიერებისთვის საჭიროდ მიაჩნია. ჯაფარიძე ნაწილობრივ იზიარებს სალომე ზურბიშვილის პოზიციას და ციტირებს ევროპარლამენტსაც.
ამ წერილამდე არჩევნებს სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარი და პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე გამოეხმაურა. ვეფხია კასრაძე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, ამბობს, რომ ლიდერების დაკავების შემდეგ მისი პოზიცია შეიცვალა.
სალომე ზურაბიშვილის გზავნილმა პოზიცია ვერც გიორგი გახარიას პარტიას შეაცვლევინა. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები არ მალავენ, რომ არჩევნებში მონაწილეობასაც ახლავს რისკები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ოცნების ინტერესი ბოიკოტია. ამ პარტიამ ზურაბიშვილის აზრი გაიზიარა და თქვა, რომ პროცესს ოპოზიციაში ბოიკოტის კამპანია დააზიანებს.
არც ბოიკოტის მომხრეებისთვის შეცვლილა რაიმე. პირიქით, ოპოზიციის ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მათი პოზიცია ერთის მხრივ ევროპარლამენტმა და მეორე მხრივ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ უფრო მეტად გაამყარა. ამ არჩევნებს ისინი არ აღიარებენ. თუმცა ზოგიერთს აქვს კითხვა - რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა კოორდინაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს რთული ვითარებიდან გამოსავლად ერთიანი კოორდინაცია და წინააღმდეგობის პლატფორმის გაძლიერება შეთავაზა. მეხუთე პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის იდეა არ მოსწონს და არც ბოიკოტისტებს უწონებს პროცესში არჩართვის კამპანიას.
ვინ რას ფიქრობს ზურაბიშვილის შეთავაზებაზე - დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.