შევეცდებით, პასუხისმგებლობა დავაკისროთ “ოცნებას“, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და პოლიტპატიმრების გამო-"პირველების" ინტერვიუ ევროპარლამენტართან
15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია "ოცნების" მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ შესაძლო ზომებზე".
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას წინ უსწრებს ევროპარლამენტში დამტკიცებული კრიტიკული რეზოლუცია, ივანიშვილის გუნდის სანქცირების მოთხოვნით.
გერმანელი ევროპარალმენტარი, ლენა შილინგი “პირველებთან“ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ევროპარლამენტი, ყველა შესაძლო ფორმით, გააგრძელებს ზეწოლას ევროკავშირზე, რათა ცალკეულ სახელმწიფოებზე დაწყებული სანქციები გაგრძელდეს.
შილინგის თქმით, წევრი სახელმწიფოები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველო ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და არ დაუშვებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რომელიც საქართველოში, ავტოკრატიის შემდეგ, ახლა უკვე დიქტატურის დამყარების ზღვარზეა.
ჩვენ შევეცდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ საქარველოს მთავრობას ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და პოლიტიკური პატიმრების ყოლის გამო. ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდნეიმე ქვეყანამ უკვე მიიღო მკაცრი ზომები ორმხრივად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ჩვენ, ევროპარლამენტარებს გვაქვს ძალაც და შესაძლებლობაც, ვთქვათ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ რეზოლუციის დამტკიცებით, ჩვენ ნიშანი მივეცით ჩვენს წევრს სახელმწიფებს, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ზოგიერთმა სახელმწიფომ ეს უკვე გააკეთა, ზოგი მათგანი მათ მიჰყვება და ჩვენ საქართველოს მარტო არ დავტოვებთ, არც სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უნდათ და იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რასაც ჩვენ. ისინი ამ რეჟიმის პირობებში იტანჯებიან. მე საქართველოში ყოფნის დროს მზია ამაღლობელის პროცესს დავესწარი და გავიაზრე, რომ ეს ჩვენთვისაც დიდი ქეისი უნდა გახდეს, რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ გვყავდეს. “ქართული ოცნება“ კი მიზანმიმართულად, თავად ბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს,- ამბობს ლენა შილინგი.
ევროპარალამენტარი არჩევნების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მიმდინარეობს დისკუსია მუნიციპალურ არჩევნებზე ევროკავშირის შიგნით, თუმცა, მისი თქმით, ევროპარლამენტარების პრეროგატივა არ არის, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს გარედან უკარნახონ, რა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ, არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვერ ჩაერევიან მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნას- შილინგი ამბობს, რომ „ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ამიტომაც ეშინია ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნის.“
დემოკრატიებში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ჩვენი მთავარი ქვაკუთხედია. ქართველებს უნდა ჰქონდეთ შანსი, აჩვენონ, რა უნდათ მათ რეალურად. იმ ხრიკებით, რომელიც გასულ აჩევნებზე ვნახეთ, რასაც “ქართული ოცნება“ ჩადიოდა და ახლაც ჩადის, აშკარაა, რომ ის არის ავტოკრატიული ძალა, ამიტომ ჩვენ არ ვცნობთ ასეთ მთავრობას, რომელიც არ აძლევს ხალხს ხმის მიცემის უფლებას, ეს არადემოკრატიულია, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები. ჩვენ ვხედავთ უამრავი ადამიანის პროტესტს, რომელიც ისევ იბრძვიან ქუჩაში, რატომ გრძელდება რეპრესიები, რატომ აპატიმრებენ ჟურნალისტებს, ვფიქრობ, ეს მკაფიო ნიშანია იმისა, როგორ ეშინია ამ მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებისა. ისინი არ არიან დარწმუნებულები რომ არჩევნების მოგების ძალა შესწევთ, ასე რომ იყოს, ამ ხრიკებს არ გამოიყენებდნენ. მათ ეშინიათ დემოკრატიის, რადგენ დემოკრატიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იმარჯვებს და მათ ეს არ სურთ. თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის.
ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი დისკუსია გვაქვს, მაგრამ პოლიტიკოსებმა გარედან არ უნდა გითხრათ, რა უნდა გააკეთონ სხვა პარტიებმა, ეს სწორი არ არის. ვერასდროს გეტყვით, რა უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს ოპოზიციურმა პარტიამ ასეთ რთულ სიტუაციაში,- დასძინა მან.