„ოცნება“ ამტკიცებს, რომ თუ ლონდონი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ამით საკუთარ იმიჯს ავნებს

11.07.25 15:32
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ თუ ლონდონი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ამით საკუთარ იმიჯს ავნებს

ბრიტანეთის შესაძლო სანქციები ივანიშვილს - "ქართული ოცნება" პარტიის დამფუძნებელს იცავს. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება ოფშორებში გადამალული არ აქვს და არც სანქციები აშინებს. 

არჩილ გორდულაძემ დღეს დიდი ბრიტანეთი, ფაქტობრივად, შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სანქციებს  და მის შედეგებს ივანიშვილისთვის "არავითარი მნიშვნელობა" არ აქვს.

ერთი რამ ვერ გაიგეს,  რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრებისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის დამფუძნებლისთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ სიტყვა "სანქციებს" და მის შედეგებს, არავითარი მნიშნელობა არ აქვს. ასე რომ კარგად დაიმახსოვრონ ადამიანებმა, რომ მუქარებს, შანტაჟებს არავითარი აზრი არ აქვს და უკვე სასაცილოც კი არ არის "ქართული ოცნების" გუნდის წევრებისთვის. ერთი ამ შემიძლია, თავისუფლად გითხრათ, რომ დამალული ქონებები ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, უბრალოდ, სად ფლობს და რა კომპანიებს ფლობს, ეს ჩემთვის უცნობია, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი ლევან მაჭავარიანი კი დღეს ამტკიცებდა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ამით მხოლოდ საკუთარ იმიჯს დააზიანებს. 

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს, მას ყველაფერი გამჭვირვალედ აქვს. ახლა, რომელ ქვეყანაში რა ქონებას ფლობს და რომელ ანგარიშზე რა თანხა უდევს, ეს არავის საქმე არ არის. ეს არის მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმე. კონკრეტულად ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ მუდმივად გვესმის შანტაჟი ამ სანქციებთან დაკავშირებით და ა.შ. რავიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა როდესაც უსაფუძვლო შანტაჟსა და უსაფუძვლო სანქციებზეა საუბარი, ვისი მხრიდანაც მოდის, კონკრეტული ქვეყანა იქნება თუ კონკრეტული ევრობიუროკრატი იქნება, ეს თავისივე იმიჯს აზიანებს, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.  

ბოლო რამდენიმე კვირაა ბრიტანეთიდან მკაფიო სიგნალები მოდის. კერძოდ, დევიდ მაკლერს თემთა პალატაში ინიცირებული აქვს წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ინიციატივას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ემატება.

ასევე, ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ბრიტანეთის მიერ ორგანიზებულ შეხვერდაში, ევროკავშირის, საფრანგეთის და ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები