ივანიშვილის პირადი ვენდეტაა გახარიას წინააღმდეგ - თეონა აქუბარდია 20 ივნისთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებზე
"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს, რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტაა გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
მისი თქმით, ივანიშვილი გახარიას წინასაარჩევნოდ დაპირდა პირად რევანშს და ახლა, როდესაც "ფიქრობს, რომ ყველაზე მეტი ძალა აქვს, ცდილობს რომ შეასრულოს".
ის რომ პირადი ვენდეტაა, ეს თვითონ ივანიშვილსაც არ დაუმალავს, გახსოვთ ალბათ წინა საარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით ეს ვენდეტას გრძნობა გიორგის [გახარიას] წინააღმდეგ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რომ კითხოთ "ნაციონალებს" ებრძვიან.
ამიტომ ის პირადი რევანში, რომელსაც დაჰპირდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას, ახლა, როდესაც ფიქრობს, რომ ყველაზე მეტი ძალა აქვს, ავტორიტარიზმის ხანაში, ახლა ცდილობს რომ შეასრულოს.
ძალიან სასაცილოდ გამოსდის ოღონდ სიმართლე გითხრათ. დღეს რომ დავინახე რეზინის ხელთათმანიანი ბიჭები, როგორ ატარებენ ექსპერიმენტს რუსთაველზე, 2019 წელს მომხდარ ამბავზე, მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანი ღალატის კომისია ამას იძიებს და ზემოდან კიდევ "ჩორჩანას" საკითხზეც ვერაფერი ქნეს, რომ დაემტკიცებინათ თავისი ე.წ. სიმართლე.ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.