მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების უმკაცრეს განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

12.07.25 14:44
მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების უმკაცრეს განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

 

 

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების უმკაცრეს განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - ევროპაში, ხორვატიაში მყოფი "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ აღნიშნული გზავნილი, რომელიც გუშინ ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა, ერთადერთ რამეს ემსახურება - "რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ".

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება კიდევ ერთხელ უწყობს ხელს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს შემაფერხებელი გარემოებები, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც გვესმის, სადაც არჩევნებზეა აპელირება და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“ - განაცხადა მაკა ბოჭრიშვილმა.

ცნობისთის, საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩომ - ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა .

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები საქართველოში არსებული ვითარების გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და მკაცრად გმობენ "ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს", რომელიც მათი განცხადებით, "აშკარაა, რომ მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას".

ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ავტორიტარული მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოებთან - "საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება" - წერია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები