"ევროკავშირი საბჭოთა კავშირისკენ მიდის" - პაპუაშვილის იერიში EU-ზე
ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება შალვა პაპუაშვილის მხრიდან EU-ზე იერიშის საფუძველი გახდა. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა და ირწმუნებოდა, რომ "ევროკავშირი საბჭოთა კავშირისკენ მიდის".
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა ევროპული ღირებულებების გზიდან გადაუხვია.
მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, - თქვა პაპუაშვილმა.
ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის და დაბალ ღობედ მიიჩნევს. ჩვენს პოლიციელებს, როგორც ჩანს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის, რაც საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობაში. ამას აჩვენებს გამოკითხვებიც, როცა ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ეს მათი დაფინანსებული ხალხის მიერ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა უსამართლო თავდასხმა შეწყვიტონ საქართველოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, აგრესიული რიტორიკითა და მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთის, საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩომ - ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა .
ერთობლივი განცხადების ხელმომწერები საქართველოში არსებული ვითარების გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და მკაცრად გმობენ "ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს", რომელიც მათი განცხადებით, "აშკარაა, რომ მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას".
ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ავტორიტარული მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოებთან - "საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება" - წერია განცხადებაში