მოსყიდვა, დაშინება, პოლარიზება, დარღვევების გამოძიება - ევროპარლამენტარების განცხადება არჩევნებზე

06.10.21 12:04
მოსყიდვა, დაშინება, პოლარიზება, დარღვევების გამოძიება - ევროპარლამენტარების განცხადება  არჩევნებზე

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიონა ფონ კრამონი 2 ოქტომბრის არჩევნებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეს აფასებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი საფუძვლიანად გამოსაძიებელია. 

წინასაარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედიის გამძაფრებული პოლარიზებით, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. ხშირად, პერსონალური თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ართმევდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინებაზე, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული", – ნათქვამია განცხადებაში.

  ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და არ დაუშვან იგივე შეცდომები მეორე ტურის მიმდინარეობისას. 

არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ გადაიჭრას პირველი ტურის დროს დაშვებული შეცდომები. მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე. მათ საზოგადოებრივი ინტერესი პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა დააყენონ, გადაფურცლონ კონფლიქტების გვერდი და განახორციელონ ძალიან საჭირო რეფორმები.

ევროპარლამენტი კვლავ მზადაა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდაჭერის სრული სპექტრით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგებიც აჩვენებენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ პროცესში", – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები