ვინ ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს ციხით - რა ხდებოდა საბედისწერო გასროლამდე?

12.07.25 21:14
ვინ ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს ციხით - რა ხდებოდა საბედისწერო გასროლამდე?

"ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საბედისწერო გასროლამდე თორნიკე რიჟვაძე შუამავლებს ხვდებოდა - აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის გარემოცვა "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს უყვება, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს ყოველ დღე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის სახელით ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი ციხეში გაშვება გადაწყვეტილი იყო. ამავე ინფორმაციის თანახმად, სწორედ ეს ლიდერი სთხოვდა რიჟვაძეს ფინანსურ ანგარიშებს. ამ ადამიანის სახელსა და გვარს "შაბათის ეთერი" ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა კობახიძის გაპრემიერების შემდეგ მის დიდ გავლენებზე უკვე ბევრს საუბრობენ - ბოლო საკადრო ცვლილებების შემდეგ, სამი ძალოვანი უწყებიდან მინიმუმ ორზე სრულ კონტროლს, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ის ახორციელებს.

პირი, ვინც რიჟვაძეს ფულს უთვლიდა, აჭარის მთავრობის ექს მეთაურის გარემოცვის ინფორმაციით, ბოლოს მასთან სატელეფონო კავშირზე აღარ გამოდიოდა, რამაც რიჟვაძე დაარწმუნა, რომ მისი დაკავება ნამდვილად გადაწყვეტილი იყო,  ამიტომ ხაზზე გასვლა ირაკლი კობახიძესთან, მეგობრის, მოქმედი მაღალჩინოსნის, ალეკო ახვლედიანის საშუალებით გადაწყვიტა. ახვლედიანი და კობახიძე ერთმანეთს 1 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კობახიძე ბათუმში  მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩავიდა.

საბედისწერო გასროლის დღეს "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე,  თბილისში ახვლედიანის ძმის ოფისში აქსისის ცათამბჯენებში იმყოფებოდა. ალექსი ახველედიანის ძმა კომპანია "აგროჰაბის" მფლობელია. კარგად ინფორმირებული პირის მონათხრობით, შეხვედრა რიჟვაძესა და აკაკი ახვლედიანს შორის, მეორე სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტში შედგა. აკაკი ახვლედიანი იყო სასამართლო პროცესზე პირი, რომელმაც ძმისთვის შეფარდებული გირაოს გადახდა უახლოესი 1 საათის განმავლობაშ საკუთარ თავზე აიღო.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის დედის სახლში, შეხვედრაზე მინიმუმ ხუთი პირი იყო - მასპინძელი ალექსი ახვლედიანი, თავად თორნიკე რიჟვაძე, რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და რიჟვაძის დის ქმარი, დავით ბალაძე. "შაბათის ეთერმა" ვერ დაადგინა, ამ შეხვედრაზე მყოფი სხვა პირების ვინაობა. ამას არც პროკურატურა ამჟღავნებს. 

თორნიკე რიჟვაძის ბათუმიდან საგარეჯომდე ჩასვლის, რეალურ ისტორიას ისევ ბათუმში, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები გვიყვებიან. მათი მონათხრობით ირკვევა, რომ რიჟვაძე თბილისში 6 ივლისს, სიძესთან ერთად, მამის მოსაძებნად ჩამოვიდა. ამავე წყაროს ცნობით, ყოფილი ძალოვანი დავით რიჟვაძე სუს-ში არაფორმალურად იყო დაბარებული და შვილთან კონტაქტზე არ გადიოდა.  გაუჩინარებული მამის მოსაძებნად, თორნიკე რიჟვაძე, დის ქმართან, დავით ბალაძესთან ერთად სწორედ ამიტომ ჩამოვიდა.

ოპოზიციის ვერსიით, რიჟვაძეს და მის ოჯახს, კორუფციულ სქემებში ირაკლი ღარიბაშვილის მხილებას სთხოვდნენ. სასურველი ჩვენების ვერ მიღების შემდეგ კი მასაც და აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურსაც, ოჯახებით დაემუქრნენ.

რა უძღოდა წინ საბედისწერო გასროლას, ალეკო ახვლედიანის კონსპირაციულ აგარაკზე?! "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობი შინაარსის საუბრის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძის მამამ და სიძემ სახლი დატოვეს, თავად რიჟვაძე კი დარჩა. ახლა მთავარი კითხვაა - რა გაიგო აჭარის ექს მეთაურმა შუამავლისგან ისეთი, რამაც, პროკურატურის ვერსიის თანახმად, თავის მოკვლა გადააწყვეტინა.

დადასტურებულად ცნობილია, რომ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოს ვილაში დამონტაჟებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და შესაბამისად, ყველა პირი და ყველა ქმედება, რაც 6 ივლისის საღამოდან გასროლამდე ხდებოდა, ვიდეო ფაილების სახით ახლა გამოძიების ხელშია.

რატომ იკლავდა თავს თორნიკე რიჟვაძე - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები