"ოცნების" კოსპირაციები ცალკე დიაგნოზია და დარგის სპეციალისტს საჭიროებს - გალდავა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პროპაგანდისტული ხაზის ჟანრის კლასიკაა და მას სრიოზულად ვერ შეაფასებს. პოლიტიკოსის თქმით, იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ჰყავს, დემოკრატიაზე საუბარი არ გამოვა.
ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი რომ ანტიდემოკრატები არიან და "ქართული ოცნება" დემოკრატიის ფლაგმანი, ეს არის "ოცნების" პროპაგანდისტული ხაზის ჟანრის კლასიკა და ამას სერიოზულად ვერ შევაფასებ. ფაქტი არის ერთი: იმდენად მძიმედ არიან უკვე ჩართულები კონსპირაციულ თეორიებში, რომ ეს არის ცალკე დიაგნოზი, რომელსაც დარგის სპეცალისტი ესაჭიროება.
ცხადია, იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, უბრალო მოქალაქეები არიან ციხეში, საუბარი დემოკრატიაზე არ გამოვა და ამის დასტური იყო სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებული წერილიც, - ამბობს ლანა გალდავა.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო 17 ევროპელი მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს უპრეცედენტო ბრალდებებით პასუხობს. წერილში "ოცნების" ხელისუფლება დასავლურ ინსტიტუტებს "დიპ სტეიტის" აგენტურად და საბჭოური სტილის პროპაგანდის გამავრცელებლებად მოიხსენიებს.
"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ან უკანონო დაპატიმრებები ხდება და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამასთან, ივანიშვილის გუნდი ევროპელ ლიდერებს ქვეყანაში არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს.
დიფ სთეითთან კომპრომისს ვერ დავუშვებთ, - ნათქვამია განცხადებაში.