აქუბარდია: "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში დუგინის იდეოლოგია ჩანს

13.07.25 17:59
აქუბარდია: "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში დუგინის იდეოლოგია ჩანს

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მმართველი პარტია 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას პასუხობს.

აქუბარდიას შეფასებით, ეს ტექსტი „კარის ფილოსოფოსის“, ზაზა შათირიშვილის ხელწერას ატარებს და იმ შეთქმულების თეორიების ანარეკლია, რომლებიც რუსულ იდეოლოგიურ წრეებსა და ალექსანდრ დუგინის ნარატივებს მიეკუთვნება.

მე მახსენდება ის პერიოდი, როცა „რუსული კანონის“ გატარებისას ივანიშვილმა ყველა დეპუტატს დაავალა, ერთხმად დაეჭირათ მხარი კანონისთვის - კოლექტიური პასუხისმგებლობის სახელით. იგივე სურათი იკვეთება პოლიტსაბჭოს ამ განცხადებაში: მთელი პარტია ერთიანად უდგება სანქციების საფრთხეს და დასავლეთს კოლექტიურად იგერიებს იმ დასავლეთს, სადაც, თითქოს, ღირსებით და ორ ფეხზე უნდა გვეპოვა ადგილი. პოლიტსაბჭოს განცხადებაში შათირიშვილისეული სტილია - პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით იმეორებს დუგინის ნარატივებს. ეს კი ნათლად აჩვენებს იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც ივანიშვილსა და მის რეჟიმს ახლა უკისრია, - აცხადებს აქუბარდია.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო 17 ევროპელი მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს უპრეცედენტო ბრალდებებით პასუხობს. წერილში "ოცნების" ხელისუფლება დასავლურ ინსტიტუტებს "დიპ სტეიტის" აგენტურად  და საბჭოური სტილის პროპაგანდის გამავრცელებლებად მოიხსენიებს.

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ან უკანონო დაპატიმრებები ხდება და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამასთან, ივანიშვილის გუნდი ევროპელ ლიდერებს ქვეყანაში არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

დიფ სთეითთან კომპრომისს ვერ დავუშვებთ, - ნათქვამია განცხადებაში.