ბრიტანეთის ელჩი: ჟურნალისტების დაკავება და რეპრესიები საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებაა

14.07.25 13:05
ბრიტანეთის ელჩი: ჟურნალისტების დაკავება და რეპრესიები საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებაა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე ევროპელმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, ასევე გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის მხარესთან. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა, სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ელჩის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა კრიტიკულად აფასებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვას, ჟურნალისტების დაპატიმრებებსა და კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო და ევროპის არაერთი ქვეყანა მსგავს ნაბიჯებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულებად განიხილავს, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც ევროპულ ღირებულებებთან, ისე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან.

გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი. ამ კოალიციის არაერთი ქვეყანა შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი, რომელიც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ამიტომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან, - განაცხადა უორდმა.