"გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია ერთობლივი მოქმედებების და კოორდინაციის საკითხები.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ორ ოპოზიციურ პარტიას თვითმართველობის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, საერთო კანდიდატები ეყოლება.
ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და სტუდენტურ მოძრობებს და ასევე დამოუკიდებელ ინდივიდებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში გვაქვს სეროზული კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, მმართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სახელმწიფოს მართვის და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა, ურთიერთკოორდინაცია და სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პარტია და “ლელო ძლიერი საქართველო“ აცხადებას შეთანხმებას, მემორანდუმის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმებას, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ პროცესის, ეს პირიქთ, მასშტაბური პროტესტის გაშლის და ბრძოლის დამატებითი მუხტის მიცემის კიდევ ერთი ხაზია. სამწუხაროდ, “ოცნებას“ ქვეყანაში ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იჩენს თითოეულთან მისვლა, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ „ოცნება“ ანტიეროცვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი ძალაა, რომელიც უნდა იყოს ოპოზიციაში და არჩევნები ამის ერთ-ერთი გზაა. ჩვენ პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან თუ ცალკეულ ინდივიდებთან თანამშრომლობისთვის, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ქართველ ხალხს: გააყალბა 2024 წლის არჩევნები, დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, ჩასვა ციხეში ახალგაზრდები და ოპოზიციის ლიდერები, ჩაუკეტა საქართველოს კარი დასავლეთისკენ/ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა არანაკლებ მძიმე შედეგი ხალხისთვის არის ცხოვრების პირობების გაუარესება - მაღალი ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია, დაბალი პენსიები და გაუსაძლისი ყოფა მუნიციპალიტეტებში.
ვინმემ უნდა დაიცვას ქართველი ხალხის უფლებები და მათი ყოველდღიური ყოფა - სწორედ ამიტომ შევდივართ საბრძოლველად 2025 წლის ე.წ ადგილობრივ არჩევნებში.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ დავდგეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებები “ გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველო” ხელს ვაწერთ მემორანდუმს მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გულისხმობს საერთო კოორდინაციას ყველა მიმართულებით.
ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებები ვთანხმდებით, საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე შევჯერდეთ საერთო - მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე.
კარგად გვაქვს გააზრებული, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებას/მოპარვას. მაგრამ ვინმემ უნდა იბრძოლოს და ილაპარაკოს ხალხის სახელით მათ საჭიროებებზე და პრობლემებზე.
პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ვინც სხვაგვარად უყურებს ბრძოლას - მაგრამ ყველანი ვთანხმდებით მთავარ მიზანზე: დავამთავროთ არალეგიტიმური რუსული მმართველობა და დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, პროტესტში ჩართულ აქტიურ ადამიანებს, შემოგვიერთდით! ეს არის დასაწყისი დიდი ბრძოლისა! ჩვენი კარი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისა თუ სამოქალაქო ჯგუფისთვის!”.