რა მოხდა სამარტოო საკანში - გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

14.07.25 14:33
რა მოხდა სამარტოო საკანში - გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის მილიონების ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დეტალურად ჰყვება 2025 წლის 8 ივლისს დაწყებულ და 11 ივლისს საღამოს განვითარებულ პროცესებს. 

გიორგი ბაჩიაშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, 21:00 საათზე  N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.

აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული,  ყველა უფლების დარღვევით, არ მომაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო,  ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“ “. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს"- წერს ბაჩიაშვილი. 

პატიმრის მონაყოლის თანახმად, ამ საუბრიდან სამ დღეში, 11 ივლისს საღამოს 7 საათზე მის სამარტოო საკანში მასთან უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ბაჩიაშვილის მონაყოლის თანახმად, თავდამსხმელმა შუშის ჭიქა გადაატეხა, ნამსხვრევით კი ყელის და სახის დაზიანების მიყენებას ცდილობდა.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა კარის სარკმელი შეაღო, თუმცა მოძალადის მითითების შემდეგ, ციხის თანამშრომელმა სარკმელი დაკეტა.

გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეო კამერა, ვიცი რომ ვიდეო თვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეცსაცმელი). 

ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”, მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა.

მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა-არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა.  შემდეგ, ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე  არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავედი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. 

რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შეაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10  წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქურურგთან"- აღნიშნულია ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

გიორგი ბაჩიაშვილის მონაყოლის მიხედვით, ციხის უფროსმა მას უთხრა, რომ ეს პირივნება იყო მსჯავრდებული. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ადვოკატებთან დარეკვის უფლების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 

(სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო. 

ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავკარგე გონება, ამეწია წნევა და თავს ცუდად ვგრძნობდი. ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. 

შემდეგ ვითხოვდი კლინიკა ვივა მედში გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნევა, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიხახეს სასწრაფო და ვივამედში გადამიყვანეს დაახლოებით 21:00 საათზე"- დასძენს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. 

გიორგი ბაჩიაშვილი წერილში ამბობს, რომ კლინიკა "ვივა-მედში"  მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და სამი ნაკერის დადება დასჭირდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში დარჩენას ითხოვდა, საბადრაგო სამსახურის წევრებმა ძალის გამოყენებითჩასვეს საბადრაგო მანქანაში და მე-8  დაწედებულებაში დააბრუნეს. 

სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე ვივამედშით დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ.  ვივამედის ექიმმა ვისი სახელიც არ ვიცი (ქერა მოკლე თმით ქალი, დაახლოებით 60  წლის, გამხდარი) მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში.

„ვივა მედში“ ჩამიტარდა კვლევები (თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, მქონდა მრავლობითი კოპები, მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე (დამიმუშავეს), ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს (ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში, თვალის და ლოყის არე საგრძნობლად დაშუპება, მარჯვენა ქვედა ყბის მეექვსე კბილი კი მომტყდა) ასევე, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღეთები ყელის არეში, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში. 

მქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა.  მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. 

საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩმსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8  დაწედებულებაში, სხვა საკანში"- ამბობს ბაჩიაშვილი. 

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, მასთან ორი გამომძიებელი ქალი მივიდა და სისხლიანი ტანსაცმლის გახდა და გატანება სთხოვა, თუმცა ადვოკატების გარეშე ბიზნესმენმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. 

ბიზნესმენი კამერაში და დერეფანში დამონტჟებული კამერების ამოღებას ითხოვს, რომელსაც წესით, მისი თქმით, ძალადობა უნდა გადაეღო: 

ეს ხდებოდა 03:00 საათზე. დაახლოებით 03:30 ზე ჩემთან მოვდა ორი გამომძიებელი ქალი, რონლებმაც მთხოვეს სისხლიანი ტანსაცმლის გახდა და გატანება, ასევე ჩვენების მიცემა, თუმცა ადვოკატის გარეშე ჩვენებაზე უარი განვაცხადე. ისევ მოვითხოვე ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ. 

12 ივლისს დილით, უარი განვაცხადე საუზმეზე და სადილზე, რადგან მქონდა ტვინის შერყევის თანმდევი სიმპტომები. მოვითხოვე ექიმი და სტაციონარში გადაყვანა. 

დაახლოებით 16:00 საათზე გადამიყვანეს N18 დაწესებულებაში. კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18:00 საათის შედეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატშიდარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე. 

ჩემს საკანში ვიდეო თვალი იყო, ასევე დერაფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს"- აღნიშნავს ბაჩიაშვილი. 

ბიზნესმენი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას უკავშირებს. 

მიუხედავად ცემისა, ივანიშვილის მილიონების ყოფილი მმართველი ამბობს, რომ "არ გატყდება": 

ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას.  მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემს სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას. 

ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას.

ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ"- წერს ბაჩიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები