მდინარაძე ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შემდეგ რიჟვაძესთან კომუნიკაცია ორჯერ ჰქონდა

14.07.25 15:44
მდინარაძე ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შემდეგ რიჟვაძესთან კომუნიკაცია ორჯერ ჰქონდა

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია ორჯერ ჰქონდა, თუმცა ტელეკამერების წინ ამტკიცებს, რომ კურუფციასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

“ოცნების“ ლიდერის მტკიცებით, რიჟვაძეს აინტერესებდა, მისი აზრი, გაეგრძელებინა თუ არა კარიერა დიპლომატიურ სამსახურში.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის კითხვაზე, იყო თუ არა შემთხვევა, რომ რიჟვაძე მას ურეკავდა და ის არ პასუხობდა, თავდაპირველად მდინარაძემ არ უპასუხა, შემდეგ კი თქვა, რომ “ბევრი გამოტოვებული ზარი აქვს, მათ შორის შესაძლოა, პრემიერისგანაც.“

ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, არა კორუფციაზე, რაც მისთვის არასდროს დამიბრალებია. გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი აინტერესებდა. შემომავალი ზარი, უპასუხო, შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო, უპასუხო ზარი მაქვს ჩემი უახლოესი მეგობრებისგან და შეიძლება პრემიერის ზარიც გაჩვენო, რომელსაც შესაძლოა, მერე გადავურეკე,- განაცხადა მდინაძემ.

კიდევ ერთ კითხვას - ბოლო კომუნიკაცია როდის ჰქონდა, რიჟვაძესთან, მდინარაძემ არ უპასუხა და ჟურნალისტების მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე გადავიდა.

მდინარაძე ჟურნალისტებთან მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლევან ხაბეიშვილმა თორნიკე რიჟვაძეზე განხორიელებულ ტერორში დაადანაშაულა.