"პირველებისთვის" ცნობილი ხდება იმ ჩინოვნიკების ვინაობა, ვის დასანქცირებაზეც ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება იმ ჩინოვნიკების ვინაობა, ვისი სანქცირების ინიციატივითაც კაია კალასი ხვალ ევროპელ ლიდერებს მიმართავს.
ევროპარლამენტის ყოფილი მრჩეველი თამარ გუგულაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ 15 კაციან სიაში ის ადამიანები არიან, ვინც ევროპარლამენტის რეზოლუციებში არაერთხელ მოხვედრილა. საუბარია ივანიშვილზე, კობახიძეზე, კალაძეზე, პაპუაშვილსა და ღარიბაშვილზე. სიაში ასევე არიან მოსამართლეებიც.
ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციებში ძალიან ბევრჯერ არიან მოხსენიებულები. რა თქმა უნდა, ესენი არიან "ქართული ოცნების" ლიდერები: ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი და დანარჩენები. იქ, იმ 13 ადამიანი სიაში მოხსენიებულები იყვნენ სასამართლო კლანის უფროსებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნგრულ თუ სლოვაკურ ვეტოსაც როგორღაც თავს ააცილებენ,მაგრამ თუ ნახეს, რომ ეს ვერ მოხერხდა, შეიძლება, სხვა გეგმაც აამუშავონ, რაღაც კოორდინიებული სანქციების პაკეტი შეიმუშავონ უკვე რამდენიმე ქვეყანამ როგორც ბლოკმა, - ამბობს ევროპარლამენტის ყოფილი მრჩეველი თამარ გუგულაშვილი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვალ, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-პირიან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც სავარაუდოდ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.