გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის პოლიტიკური ქორწინება შედგა-თინა ბოკუჩავა
"გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ წინასაარჩევნო თანამშრომლობაზე შეთანხმებას ოპოზიციაში პირველი შეფასებები მოჰყვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მას “პოლიტიკური ქორწინება“ უწოდა და აღნიშნა, რომ “ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის“.
მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ბოიკოტი შეიძლება გამოუცხადო არჩევნებს, მაგრამ ამ ქვეყანაში როდესაც არჩევნები არ არსებობს და ბძინა ივანშილი გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, ეროვნული კამპანია იმისთვის, რომ არცერთმა ქართველმა პატრიოტმა მონაწილოება არ მიიღოს რუსულ სპეცოპერაციაში, - განაცხადა ბოკუჩავამ.
"გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია ერთობლივი მოქმედებების და კოორდინაციის საკითხები.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ორ ოპოზიციურ პარტიას თვითმართველობის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, საერთო კანდიდატები ეყოლება.
ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და სტუდენტურ მოძრობებს და ასევე დამოუკიდებელ ინდივიდებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.