ბოკუჩავა: ლონდონში ივანიშვილის დასანქციებაზე ვისაუბრეთ, დიდი ბრიტანეთი მზად არის მოქმედებისთვის
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესებისთვის მზადაა და სწორედ ეს იყო მათი მთავარი გზავნილი ლონდონში გამართულ შეხვედრებზე.
ჩვენ გუშინ დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც გვქონდა არაერთი შეხვედრა პარლამენტის წევრებთან ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინდა, გითხრათ, რომ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოსა და გაერთიანებული სამეფოს სახელით - მთავარი აქტორი მის შემუშავებაში სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ლონდონში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების აუცილებლობა, თუმცა შეხვედრებზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ივანიშვილზე პერსონალური სანქციების თემასაც.
ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დიდი ბრიტანეთს შეუძლია, გაცილებით უფრო სწრაფად იმოქმედოს, რადგან არ არის ევროკავშირის კონსენსუსის წესით შებოჭილი. ივანიშვილს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთი იმოქმედებს. ეს დაფიქსირდა იმ განცხადებაში, რომელიც ზუსტად იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩვენ საგარეო უწყებაში ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა აღნიშნულ საკითხზე, - განაცხადა ბოკუჩავამ.