“ეს არის ბრძოლის იმიტაცია“-თენგო თევზაძე „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე

14.07.25 16:08
“ეს არის ბრძოლის იმიტაცია“-თენგო თევზაძე „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე

“ეს არის ბრძოლის იმიტაცია“-ასე აფასებს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის მემორანდუმის გაფორმებას.

მისი თქმით, “ეს არის შეთანხმება იმაზე, რომ ქართულ ოცნებას“ შეუქმნან ცრუ პროცესი და ხელი შეუწყონ ლეგიტიმაციის მიღებაში.“

ე.წ. მემორანდუმი არის ბრძოლის იმიტაცია, ადამიანები, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ ვერაფერზე, ბოლო თვეების განმავლობაში, შეთანხმდნენ იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას“ შეუქმნან ცრუ პროცესი და ხელი შეუწყონ ლეგიტიმაციის მიღებაში. არანაირ საარჩევნო პროცესს არ ვაღიარებთ ქვეყანაში, ვინაიდან, „ქართული ოცნების“ და იმ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც არის კრიმინალების მიერ დაკომპლექტებული, ჩატარებული არჩევნები, ვერანაირ ნდობას, ვერც პოლიტიკურ პარტიებში და ვერც საზოგადოებაში, ვერ მოიპოვებს, - განაცხადა თევზაძემ.

"გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

დოკუმენტის მიხედვით,  განსაზღვრულია ერთობლივი მოქმედებების და კოორდინაციის საკითხები.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ორ ოპოზიციურ პარტიას თვითმართველობის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, საერთო კანდიდატები ეყოლება.

ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და სტუდენტურ მოძრობებს და ასევე დამოუკიდებელ ინდივიდებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.