"საკანში იყო სისხლის გუბე" - ვინ აწამა ბაჩიაშვილი და რატომ არ ასაჯაროებენ კადრებს?
ციხის საკანიდან, "ქართული ოცნების" გუნდი, წამებაში გიორგი ბაჩიაშვილმა ამხილა. ვრცელ წერილში ოლიგარქის მილიარდების ყოფილი მმართველი აღწერს, როგორ მიიყვანეს სიკვდილის პირას გლდანის ციხეში. შეგზავნილმა პირმა, სამარტოო საკანში ბაჩიაშვილი ისე სცემა, რომ "კედლები სისხლით იყო შეღებილი და კამერაში სისხლის გუბეები იდგა".
ირკვევა, რომ თავდამსხმელი, ციხის საკანში, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული ბაჩიაშვილს პარასკევს ღამით გაუსწორდა. სამარტოო საკანში მყოფი გონების დაკარგვამდე სცემა და დაკბინა. თავდასხმას მას შემდეგაც განაგრძობდა, რაც ბაჩიაშვილმა გონება დაკარგა.
ის, რომ ბაჩიაშვილის ცემას მწვანე შუქი ციხის ადმინისტრაციამ გაუღო დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელმა ჩხუბის ხმა გაიგო, საკანში შეიხედა თუმცა რეაგირება არ მოახდინა და თავდამსხმელს მისცა საშუალება ბოლომდე მიეყვანა დავალება სისრულეში. ბაჩიაშვილის თქმით, მისი ტერორი ციხეში 8 ივლის დაიწყო. როცა ის ციხის ხელმძღვანელმა კაბინეტში გაიყვანა და ურჩია ივანიშვილისთვის საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშები გაეხსნა. ირკვევა, რომ ბაჩიაშვილის საკანში მოძალადის შესახლების გადაწყვეტილებაც იგივე ციხის უფროსმა დავით გოგობერიშვილმა მიიღო.
ბაჩიაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის კლინიკა "ვივა მედში" გაიყვანეს, სადაც გვიდასტურებენ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ბაჩიაშვილს თავზე 3 ნაკერის დადება დასჭირდა.
იდენტიფიცირებულია ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილი. კაცი, ვინც ჯერ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის კრიპტო ანგარიშების გახსნას სთხოვდა შემდეგ კი საკანში მყოფი პატიმრის ცემას უყურებდა. გოგობერიშვილი ბრალდებებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. არც მის დასაკითხად მისულა ციხეში არავინ.