ვის დაასანქცირებს ევროკავშირი?
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი და ნინო გალუსტაშვილი - ეს იმ პირთა მცირე ჩამონათვალია, ვის სანქცირებასაც ევროპელ მინისტრებთან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოითხოვს. კაია კალასს უკვე აქვს შემუშავებული 15 კაციანი სია, ვინც ევროკავშირის შავ სიაში უნდა შევიდეს. სიის ფიგურანტებს უნდა გაეყინოთ ფინანსური აქტივები და შენგენის ზონაში გადაადგილება აეკრძალოთ.
რიჰარდ კოლსი ერთ-ერთი ის ევროპელი პოლიტიკოსია, ვინც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავეს რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ოლიგარქი ივანიშვილის ქმედებები ადეკვატურ პასუხს საჭიროებს, ამბობს "ტვ პირველთან" ლატვიელი პოლიტიკოსი და ევროკავშირის პირველ დიპლომატებს რჩევებს აძლევს, როგორ დაძლიონ უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტო.
"ტვ პირველმა" მოიპოვა 6 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციასთან ერთად ევროკავშირის პირველი დიპლომატების განხილვისას გზამკვლევი იქნება. ვრცელი ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაგიდაზე ყველაფერია - პერსონალური სანქციებით დაწყებული, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით გაგრძელებული.