"ბაჩიაშვილის წამების დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია" - გიგა ლემონჯავა ორგანიზატორად გლდანის ციხის დირექტორს ასახელებს
გიორგი ბაჩიაშვილის წამებას ჰყავს დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი და ორგანიზატორი, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დავით გოგიბერიშვილი, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თქვა, რომ ის, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ჩაიდინეს, წამების დანაშაულია და კანონით 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლემონჯავა დავით გოგიბერიშვილს ჰპირდება, რომ მის სახელსა და გვარს ყველა საერთაშორისო პარტნიორს და ორგანიზაციას გააცნობენ. ასევე ჰპირდება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას პასუხისგება დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მოუწევს.
დღეს მინდა, ვისაუბრო გიორგი ბაჩიაშვილის წამების ფაქტზე. ამ წამებას ჰყავს დამკვეთი და არავისთვის სიურპრიზი არ არის, რომ დამკვეთი არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ასევე ამ წამების აქტს ჰყავს ორგანიზატორი. ეს არის დავით გოგიბერიშვილი, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. დავით გოგიბერიშვილი არის წამების ორგანიზატორი და ის, რაც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არის არა უბრალოდ ძალადობა ან ცემა, არის კლასიკური გაგებით, ნებისმიერი ცივილიზებული სტანდარტით, წამების დანაშაული - იქნება ეს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია თუ იქნება ადამიანის უფლებათ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
მინდა, შევახსენო დავით გოგიბერიშვილს, რომ საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა, 144 სეკუნდა და 144 ტერცია მუხლების შესაბამისად, დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 17 წლამდე ვადით.
ასევე მინდა, დავპირდე დავით გოგიბერიშვილს, ციხის ჯალათს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ორ რამეს: პირველი - რეჟიმის პირობებშიც კი მისი სახელი და გვარი გახდება ცნობილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავით გოგიბერიშვილი დასანქცირდეს რეჟიმის პირობებშიც კი.
მინდა, მას ასევე შევახსენო, რომ ევროპარლამენტის წლიური ანგარიშის შესაბამისად, ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ეხებდოა სწორედ საშუალო და დაბალი რგოლის ბოროტმოქმედ, ე.წ. საჯარო მოხელეებს, რომელშიც გადის სწორედ დავით გოგიბერიშვილი და წამების აქტი, რომელიც მან დააორგანიზა, არ დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამის იმედი მას არ ჰქონდეს.
მეორე, რაც მინდა, შევპირდე დავით გოგიბერიშვილს, არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, უფრო მალე, ვიდრე მას ჰგონია, მას მერე, რაც საქართველოში დამკვიდრდება ევროპული კოალიციური ტიპის მმართველობა, მას მერე, რაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალპროფესიული მართლმსაჯულების სისტემა, მას მოუწევს, რომ პასუხი აგოს კანონის წინაშე სსკ-ს იმ მუხლების მიხედვით, რომელიც მე მას ჩამოვუთვალე.
არცერთ ბოროტმოქმედს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, იმის იმედი, რომ მათი დანაშაული დარჩება დაუსჯელი. დავით გოგიბერიშვილი არის ჯალათი, სისხლის სამართლის დამნაშავე. ის არის გიორგი ბაჩიაშვილის წამების ორგანიზატორი და ის აუცილებლად პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით, - განაცხადა გიგი ლემონჯავამ.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.