"ძლიერი საქართველო" სახლის ჩამონგრევაზე: ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები

15.07.25 12:43
"ძლიერი საქართველო" სახლის ჩამონგრევაზე:  ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები

"ივანიშვილის რუსული რეჟიმის, თბილისის მერის, კახი კალაძის ასევე მერიის სხვა მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობას, არაკომპეტენტურობას, გულგრილობას, გუშინ, თბილისში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა" - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო" აკეთებს.

როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ნიკა ჩერქეზიშვილმა და ლევან სამუშიამ განაცხადეს, "სადგურის მოედანზე" მომხდარი ტრაგედიის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 

ასევე, პარტიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე თვის წინ,  დიდუბეში მომხდარმა ფაქტმა თბილისის მერიას "ვერაფერი ასწავლა".

"ლელოს" წევრების თქმით, თანხა, რომელიც კახა კალაძის პიარისთვის არის დახარჯული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაცილებით მეტია, ვიდრე 10 000 შენობების გამაგრების პროგრამისთვის არის გამოყოფილი.

უპირველეყოვლისა ჩვენი კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" სახელით გვინდა მივუსამძიმროთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება.

ივანიშვილის რუსული რეჟიმის, თბილისის მერის, კახი კალაძის ასევე მერიის სხვა მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობას, არაკომპეტენტურობას, გულგრილობას, გუშინ, თბილისში ემსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე, დაღუპულია 2 ადამიანი. ეს არ არსი ტრაგიკული შემთხვევა, ამ საქმეში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

ცოტა ხნის წინ, აქვე, დადიანიას ქუჩაზე ჩამოინგრა კიდევ ერთი შენობა, მაშინ საბედნიეროდ უმსხვერპლოდ გადავრჩით. ნაცვლად იმისა, რომ ეს ყოფილიყო გარკვეული მინიშნება თბილისის მერისთვის, მერიის სხვა წარმომადგენლებისთვის და მათ მოეხდინათ გარკვეული რეაგირება, პრევენცია, მათ არაფერი არ იღონეს, გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა, რაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს დაუჯდათ სიცოცხლის ფასად.

თბილისში არის 10 000-ზე მეტი ავარიული შენობა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში და ნაცვლად იმისა, რომ მერია ზრდიდეს ბიუჯეტს, ყოველწლიურად, ბიუჯეტი მცირდება და 2025 წლისთვის მხოლოდ 10 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

ჩვენ გვჭირდება მერია, რომელიც იზრუნებს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ნაცვლად ამისა ისინი ზრუნავენ, ისინი მილიონობით ლარს ხარჯავენ პარტიული აქტივის დასაქმებისთვის და ის თანხა კი რაც კახა კალაძის პიარისთვის არის დახარჯული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაცილებით მეტია, ვიდრე 10 000 შენობების გამაგრების პროგრამისთვის არის გამოყოფილი," - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას თქმით, "ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები".

მისი თქმით, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნგრევაზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება, რადგან „ჯერ კიდევ 1 წლის წინ გავრცელდა კადრები იმ საფრთხის შესახებ, რომელიც არსებობდა“.

„უმძიმესი სიტუაციაა, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლით დასრულდა. ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და არაფერი გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად, მათ ადამიანების ბედი არ ანაღვლებთ. კალაძე შეეცადა და დანაშაულის ისრების გადატანა სცადა მოსახლეობისთვის და საკუთარი და მერიის პასუხისმგებლობის დაფარვას შეეცადა. თავად თქვა, რომ შენობა ნგრევის პირას იყო. სოციალურ ქსელში ვნახეთ 1 წლის წინანდელი ვიდეო, სადაც მოსახლეობა საუბრობს, რომ სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე არსებობდა, მაგრამ მათ ადამიანები არაფრად უღირთ. მთავარია თავიანთი თავი და გამდიდრება. ცალსახად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები. მალე ალბათ თბილისში ჩაფხუტებით უნდა იაროს ადამიანმა, სხვა გამოსავალი არ არის. ფეხებზე დაიკიდეს ყველაფერი. ეს არის ამათი სახე“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, გუშინ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები