ნგრევა და მსხვერპლი თბილისში - ვინ არის პასუხისმგებელი? (კახა კალაძის კომენტარი)

15.07.25 14:15
ნგრევა და მსხვერპლი თბილისში - ვინ არის პასუხისმგებელი? (კახა კალაძის კომენტარი)

დედაქალაქის მერი თბილსიში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიული შენობის ჩამონგრევაზე საუბრობს და იმ ექსპერტებს უპირისპირდება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორი წელია, ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისთვის მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა საჭირო აღარ არის.

განცხადების საპაუხოდ მერმა თქვა, რომ მსგავსი დადგენილება არ მოიღიათ და თუ მედია ან მესამე სექტორი საპირისპიროს დაამტკიცებს, მზად არის, თანამდებობაც კი დატოვოს. 

კალაძე ამტკიცებს, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს. 

ასევე, კალაძემ თავისი გუშინდელი განცხადება უკან წაიღო და ბოდიში მოიხადა, მისი თქმით შენობა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნება და არა მე-5 კატეგორიას, როგორც ეს მან განაცხადა. 

ბოდიშის მიუხედავად, დედაქალაქის მერი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იყო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული. 

ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორიის შენობა იყო, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ამ შენობაში ხალხი იმის მიუხედავად ცხოვრობდა, გამგეობის მხრიდან არაერთი შეხვედრა გაიმართა და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ 2021 წელს ჩვენ საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც ქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას შევძლებდით, ეს პროგრამა არსებობს, მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები, იქიდან გამომდინარე რომ არის შემთხვევები როდესაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება. 

ამ ადამიანებს ვთავაზობთ ქირით გადაყვანას, რა დროსაც მათ არაფრის გადახდა არ მოუწევთ. მათი დროებითი გადაყვანა მოგვიწევს და ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში დავაბრუნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე საათია, კონკრეტული ადამიანები და მედიასაშუალებები  საზოგადოებას არასწორი ინფორმაციას აწვდიან,

კალაძე ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშე, სხვა მუნიციპალურ მიწაზე პროექტი შეიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, მოსახლეობის შენობიდან გამოყვანასთან დაკავშირებით კი 100%-იანი თანხმობის საჭიროება ყველა ვარიანტში რჩება.

ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობთ. არ ვიცი, ვინ გააკეთა განცხადება და თქვენც იმეორებთ ამ მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას - არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.

100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს. ასეთი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე. გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმის დახმარებით გამოყარეთ ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სადგურის მოედანთან შენობა ჩამოინგრა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. 

კახი კალაძემ შემთხვევის ადგილზე გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა, რომ შენობა მე-5 კატეგორიის იყო, რაც, როგორც წესი, შენობის დემონტაჟის საჭიროებას გულისხმობს.

მოგვიანებით, შემთხვევის ადგილას მყოფმა ინჟინერმა, საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკო კახეთელიძემ კალაძისგან განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შენობა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

კორუფციის მკვლევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, რაიონის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე დაზიანებული პარაპეტების მოსახსნელად 100 000-ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. იმ შემთხვევაში თუ შენობა, რომელიც გუშინ ჩამოინგრა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მასზე პარაპეტი უნდა მოხსნილიყო, ხოლო თუ მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა მთლიანად უნდა დაეშალათ.

მისი თქმით, პირველი ადამიანი, რომელიც შსს-ს გამოძიებამ უნდა დაკითხოს კახი კალაძეა. ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ კალაძემ ჩვენებაში უნდა განმარტოს, "საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ მე-5 კატეგორიის იყო".

მსგავსი სიახლეები