სად გინახავთ, ვინმეზე თავდასხმა განგვერხორციელებინოს? - კალაძე პარტნიორებზე

15.07.25 15:06
სად გინახავთ, ვინმეზე თავდასხმა განგვერხორციელებინოს? - კალაძე პარტნიორებზე

 

 

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ ექცევა. საქმე ეხება იმ რეზოლუციას, რომლის მიღებასაც დღეს ევროპელი ლიდერები გეგმავენ. 

ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებს და "უკადრებელს კადრულობს".

ამასთან, კალაძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს პარტნიორების მისამართით თავდასხმები არასდროს განუხორციელებიათ. 

ამდენი ტყუილი, ამდენი სიცრუე, წარმოუდგენელია. ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ და უკადრებელს კადრულობენ. ჩვენ ვიცავთ ჩენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არავის ვებრძვით. როგორ შეიძლება და წარმოუდგენელია, უბრალოდ, ჩვენ ვებრძოდეთ ევროპას, ვებრძოდეთ ბრიტანეთს, ვებრძოდეთ აშშ-ს, სიგიჟეა, წარმოუდგენელია. 

სად გინახავთ, ვინმეზე თავდასხმა განგვერხორციელებინოს? არასდროს. ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში. დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია დაცლილია იმ ღირებულებებისგან, რომელიც ძვირფასია ქართველი ხალხისთვის, - ამბობს კალაძე. 
 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

 

მსგავსი სიახლეები