"ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს" - ცისკარიშვილი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპელ პარტნიორებს დააბრალოს. პოლიტიკოსის თქმით, რეალურად, ყველაფერი მიზეზშედეგობრივია და თუ აღნიშნული მოხდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის გუნდის "დამსახურება" იქნება.
ყველაფერს გააკეთებს, ყველანაირად შეეცდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ ევროპას დააბრალოს და ქართველი ხალხის თვალში ევროპა იყოს ის ბოროტმოქმედი, რომელმაც საქართველო აღარ მოინდომა, ჩვენს ხალხს დაუწესა სავიზო რეჟიმი და ა.შ., მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებების, მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით და საბოლოოდ, ალბათ შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც ჰქვია სავიზო რეჟიმის დაბრუნება შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის დროს. ეს დაგვაზიანებს ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტურიზმის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში, ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხევთ, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.