ხაბეიშვილი კობახიძეს: მიაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილას იყო თუ არა “შსს”-ს მინისტრი და მამუკა მდინარაძე
"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძეს საჯარო შეკითხვით მიმართავს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პრემიერმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, იყო თუ არა საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის დედის სახლში შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე და "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, როცა გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
"თავდაუბანელმა, “კა-გე-ბე”-ს მოტივებზე, “გრუს” აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილას იყო თუ არა “შსს”-ს მინისტრი და მამუკა მდინარაძე, ან ყოფილი თანამდებობის პირები?!" - დაწერა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საგარეჯოში მომხდარი ბესპრიძელშიკური” გარჩევის დაგეგმვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები ირაკლი კობახის კისერზეა:
მის კისერზეა ამ “ბესპრიძელშიკური” გარჩევის დაგეგმვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები!
კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს, რიჟვაძესთან შეხვედრაზე! - გუშინდელი ბუტბუტი და მდინარაძის გამოგორება არასაკმარისია!არაფორმალური დაჯგუფების, შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა, რომლის მეთაურიც არის მამუკა მდინარაძე, დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ!
ირაკლი კობახიძის ნებართვითა და მითითებით, ივანიშვილის საამებლად აწამეს ბაჩიაშვილი და მოამზადეს მისი მკვლელობა. ბაჩიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ნებისმიერ დროს იგივე სცენარით შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურონ დამწყვდეული ადამიანი!
სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში და მათი “ბოსიც” აბსოლუტური შლეგი, რუსი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.