"თბილისი ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე ცხოვრობს" - ოპოზიცია თბილისის მერს პასუხისმგებლობაზე საუბრობს
თბილისის ცენტრში გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ოპოზიცია კახა კალაძის მმართველობის დროს მომხდარ უმძიმეს შემთხვევებს იხსენებს, რომლებზეც მათი თქმით, გულგრილობა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, თუმცა არცერთ მათგანზე დედაქალაქის მოქმედ მერს პასუხისმგებლობა არსდროს აუღია.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები თბილისის მერიის "უპასუხისმგებლობაზე" ღიად საუბრობენ. მათი თქმით, კახა კალაძეს პასუხისმგებლობა არ აუღია ვაკის პარკში, 9 წლის მარიტას გარდაცვალების, წყნეთში, დათუნა ჟღენტის სიკვდილსა და რიყის დოქებთან, 16 წლის მოზარდის სოსო ადეიშვილის გარდაცვალების საქმეზე.
ყველა შემთხვევაში ოპოზიციის თქმით, უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის გუნდს მხოლოდ ფული აინტერესებს და მათი კორუფციის გამო "ყველა ნაბიჯზე სიკვდილი გვხვდება".
პირველი მოდის და გიყურებს ფული სად არის. ამის იქით არ აინტერესებთ. იგივე იყო, მაგალითად, თქვა, რომ მობრძანდით ვაკის პარკში დაისვენეთ და ბავშვი მოკვდა შადრევანში. პასუხიმგებლობა ნული, ყველაფერი არის ხალხის ბრალი. იგივე რიყის დოქებთან დაკავშირებით, ბავშვი გარდაიცვალა - "რა მოხდა კაცო. რა უნდოდა იქ".
გლდანში, კორპუსში, შახტაში, ლიფტი ჩავარდა - "რა შუაში ვართ" - არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ყველა ჯერზე, ფაქტობრივად, მერიის სამსახურები გადაიქცა სერიული მკვლელების, დამნაშავე "ბანდფორმირებად", რომლებიც არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ.
ეს არის სერიული მკვლელი, ვგულისხმობ კალაძეს და მართლა მაინტერესებს, გულწრფელად, როგორ აჯერებს თავს, რომ ის მკვლელი არ არის. ბალიშზე, რომ თავს დადებ, რა გძინავს კახი? და რას ფიქრობ რომ არაფერ შუაში არ ხარ, მართლა ეგრე გგონია?
კორუფციაშია ჩამხრჩვალი ეს ხალხი და შესაბამისად, ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება სიკვდილი.
შეაწმინდეს ხელი კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელს, მან დუმილით იყიდა შემდეგ თავისუფლება, ძალიან მალე გამოუშვეს, გარეთ დადის, ტენდერებს იგებს როგორც ვიცი. აბასთუმანში დადის ფოტოებს იღებს, არაფერს არ ერიდება," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კახა კალაძეს პასუხისმგებლობა არ აუღია, ხოლო მისი დანაშაული სხვამ აიღო საკუთარ თავზე.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ბატონ კალაძეს არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გამბედაობა აღმოაჩნდა და მითუმეტეს, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია თავზე - ასეთი რამ თქვა - "თუ მიმიძღვის დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი" - მაგრამ ეს სიტყვები მან თქვა მაშინ, როცა ყველაფერი დალაგებული ჰქონდა: თბილისის მერიაში მოძებნილი იყო თანამშრომელი, ვინც საკუთარ თავზე აიღებდა ამ დანაშაულს და რა თქმა უნდა ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოსთან იყო შეთანხმება, რომ ისინი კალაძეს ხელს არ დაადებდნენ.
ამიტომ, როდესაც ცვენ ვამბობთ, რომ სისტემური პოლიტიკური... რაც "ოცნებამ" ბოლო წლების განმავლობაში დანერგა, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური დანაშაული, ეს არის დანაშაული, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას," - ამბობს შარაშიძე.
პარტია "ახალის" წევრის, ანა გოგოლაძის ცნობით, "კალაძე არის ის მერი და ის მაღალჩინოსანი, რომელიც მუდმივად ირიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას".
პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" პირობებში საერთოდ არის მორღვეული, არ არსებობს ეგეთი ცნება. კალაძე არის ის მერი და ის მაღალჩინოსანი, რომელიც მუდმივად ირიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
ამ დედაქალაქში დატრიალებული არაერთი ტრაგედია, მისი მერობის პირობებში, სამწუხაროდ უკავშირდება მერიის მიერ უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვა-აღსრულებას, რაც ბუნებრივია პირდაპირ არის პილიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი," - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, გუშინ სადგურის მოედანთან სახლი ჩამოინგრა, შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.