როგორ ჰკარგავს საქართველო სატრანზიტო ფუნქციას - რეგიონში აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფანი ჩნდება
საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მალე ეჭვქვეშ დადგება. რამდენიმე წელიწადში აზიის ევროპასთან დამაკავშირებელმა საკვანძო მნიშვნელობის კორიდორმა ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, მნიშვნელობა დაკარგოს.
ახალი ინიციატივა ზანგეზურის დერეფნის გახსნას ეხება და დამაკავშირებელი მარშრუტის სომხეთზე გავლას გულისხმობს. იდეა ბაქო-ერევნის სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად გაცოცხლდა და შტატების იდეამ გააქტიურა. ამერიკა სამხრეთ კავკასიაში ზანგეზურის დერეფნის სამართავად მზადყოფნას გამოთქვამს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, მალე შუა დერეფანს, რომლის ნაწილიც საქართველოა, რეგიონში კონკურენტი გამოუჩნდეს.
რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?ზანგეზურის დერეფნის არსებობით სარგებელს იპოვის აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. ინტერესი ამ დერეფნის მიმართ აქვთ შუა აზიის ქვეყნებსაც. საქართველო კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.
რეგიონის ქვეყნები დღეს ერთმანეთს შუა დერეფნის მარშრუტებით უკავშირდებიან. არსებობს რისკი, რომ ამერიკისგან დისტანცირების ფონზე "ქართული ოცნება" სწორედ ამ პრივილეგიის სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს, ამიტომ ზოგიერთისთვის ამერიკის ინიციატივა ალტერნატიული შუა დერეფნის შექმნის და გაკონტროლების შესახებ უფრო პოლიტიკურ განაცხადს ჰგავს და ის მხოლოდ საქართველოს მიემართება.
თუმცა, საინტერესო და სასიხარულოც ამ ამბავში ერთი ფაქტია - რუსეთი სულ უფრო კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე და ამერიკის მზარდი ინტერესიც სახეზეა. კრემლსა და ბაქოს შორის დაპირისპირების ფონზე აზერბაიჯანი დამოუკიდებელ ტრაექტორიაზე იწყებს მოძრაობას. რუსეთისგან დისტანცირებულია ერევანიც, ამიტომ რეგიონში რუსეთი საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების შედეგებს იმკის.
ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში ახლა საქართველოა, რადგან ხელისუფლების პოლიტიკურმა პოზიციონირებამ ქვეყანა შესაძლოა, დასავლური ინტერესის მიღმა დატოვოს. ზანგეზურის დერეფნის გააქტიურება ბევრისთვის სწორედ ამის ნიშანია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.