სააკაშვილი არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული, ან არაადეკვატური ფსიქოტიპი - ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, თანაგუნდელების მსგავსად ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია, ან ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს.
მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს თვითონ გაუკეთა დისკრედიტაცია, ის არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული, ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი გაუტოლა ჯორჯ ვაშინგტონს, ეს მე არ მომიგონია, თვითონ თქვა, რომ მას მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს, ესეც თვითონ თქვა, რომ რეგიონალური ლიდერია, რომ აქვს დამსახურება იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა და უფრო მეტიც, საქართველოში კულტურა შემოიტანა, სადაც ულვაშიანი ხალხი დადიოდა და დღეს საქართველო ასე განვითარებულია მის ხელში, ეს მას აქვს ნათქვამი და არა პრემიერ-მინისტრს,"- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წერილი გამოაქვეყნა, სადაც მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში.
პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.
განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა.
ამასთან, მთავრობის მეთაური სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა.