კობახიძე ირწმუნება, რომ "ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის"

17.07.25 12:23
კობახიძე ირწმუნება, რომ "ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის"

 

 

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, "ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის ", ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისი მტკიცებით, "ეგზისტენციალურ საკითხია".

მისი თქმით, "თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას".

  • დღეს "ოცნების" პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრიუსელიდან მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილზე, რომელშიც გავრცელებული ინფორმააციით, ევროკავშირი "ოცნებისგან" 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.

თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაციაა.... გამჭვირვალობის კანონის მიღებას რომ გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გეუბნებიან, შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალას უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს მაგას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ!....ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში, რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ მშვიდობა დაგვირღვიონ, სტაბილურობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არა ეგზისტენციალურს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს“,- განაცხადა კობახიძემ.